სხვა
19 ოქტომბერი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, რომელიც
13 ოქტომბერს ამოქმედდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე
სუბიექტის - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის,
ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ
საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა და 90 დღის განმავლობაში აქ დარჩენა.
ლარსის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა ჩრდილოეთ კავკასიიდან პირველი
სტუმრები უკვე მიიღო. ეროვნულმა ტელევიზიებმა მალევე გაავრცელეს უვიზო
მიმოსვლით კმაყოფილი ადამიანების კომენტარები. ერთ-ერთი მათგანი
აღმოჩნდა, ცნობილი სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი
ბახვა თედეევი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს
და ეს გადაწყვეტილება მათთან ხშირად სტუმრობას გაუადვილებს.