რესპუბლიკური პარტიის წევრი მერაბ ქათამაძე 22 ივნისს პროკურატურაში გამოიძახეს და საბრალდებო დასკვნა გადასცეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმართა სიაში შეყვანილი განსასჯელი სასამართლო პროცესის დანიშვნას ელოდება. ამ ეტაპზე კი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს წესით არის გათავისუფლებული.
მერაბ ქათამაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს უწევდა კონკურენციას. იგი 27 ივნისს თბილისში გრიბოედოვის ქუჩაზე, რესპუბლიკური პარტიის ოფისთან, მოულოდნელად დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენისა და ტარების ბრალდებით.
მერაბ ქათამაძე წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. მისი თქმით, იგი პოლიტიკური აქტიურობის გამო დააკავეს. ხოლო იარაღი პოლიციამ „ჩაუდო“. მას არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს: „აქედანვე ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. იგი პოლიციელებს არ გაამტყუნებს და დამნაშავედ მცნობს“.
სასამართლო პროცესი ჯერჯერობით დანიშნული არ არის. წინასწარ ძნელია ვარაუდიც, თუ რას მიუსჯის მოსამართლე რესპუბლიკური პარტიის წევრს. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წაყენებული ბრალდება სასჯელად ჯარიმასაც ითვალისწინებს და რვაწლიან პატიმრობასაც.
ნინო თოფურიძე