საქართველოს სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობების მშენებლობები დაიწყო.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, გრძელვადიანი პაემნებისთვის პირველ ეტაპზე სასტუმროს ტიპის შენობები არასრულწლოვანთა #11, რუსთავის #6 და #16 დაწესებულებებში აშენდება.
მინისტრის თქმით, მისი უწყება უპირველეს პრიორიტეტს საცხოვრებელი პირობების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და ხელიმისაწვდომობის გაზრდას ანიჭებს. თუმცა, ამის პარალელურად, ოჯახებთან მსჯავრდებულთა ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ყველაფერი გაკეთდა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო.
არსებული ინფორმაციით, შენობების მშენებლობა 3-4 თვეში დასრულდება. სამშენებლო ხარჯებს კი, კერძო სექტორი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ერთად გაიღებენ.
ინტერპრესნიუსი