ადმინისტრაციული პატიმრობისას მსჯავრდებულებს დაწესებულების მოსამსახურეებთან მხოლოდ "თქვენობით" მოუწევთ საუბარი.
მსჯავრდებულის ვალდებულებები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.
ბრძანების თანახმად, მსჯავრდებული ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები; დაიცვას საკნისა და პირადი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები; გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას; დაასუფთაოს სპეციალური საკანი რიგითობის დაცვით; არ განახორციელოს დაწესებულების მოსამსახურეთა და სხვა პირთა ღირსების დამამცირებელი მოქმედებები; არ გაუწიოს წინააღმდეგობა დაწესებულების მოსამსახურეებსა და სხვა პირებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას; არ ჩაიდინოს ქმედებები, რომელიც ემუქრება მისი ან სხვა პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ზრდილობიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებსა და სხვა პირებს; დაწესებულების მოსამსახურეს მიმართოს "თქვენობითი" ფორმით; შეასრულოს მასზე დაკისრებული სხვა მოვალეობები.
ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულს ან საყვედურს გამოუცხადებენ და/ან ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლებას შეუზღუდავენ. ასევე, შესაძლოა პირი ათ დღემდე ვადით სამარტოო საკანშიც გადაყვანონ.
ინტერპრესნიუსი