მოძრაობა "არას", სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრის" და მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნეობას" აქტივისტები 21 თებერვლიდან უკანონო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლობებთან და საელჩოებთან 21 მჯდომარე აქციებს იწყებენ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა განაცხადეს, პირველი მჯდომარე აქცია 21 თებერვალს, 09.00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გაიმართება.
მოძრაობა "არას" ლიდერის ლევან ჩიტაძის ინფორმაციით, მჯდომარე აქციები დღეგამოშვებით, საქართველოში არსებულ ყველა საელჩოსთან, დილის 09.00 საათიდან საღამოს 21.00 საათამდე გაიმართება, ხოლო 14.00 საათზე ჟურნალისტებისთვის ბრიფინგები მოეწყობა.
"ჩვენი აქციების მიზანია, არსებულმა ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში 350 უკანონო პოლიტიკური პატიმარია. შარშან ხელისუფლება იძულებული გახდა, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გაეთვალისწინებინა და 7 პატიმარი გაეთავისუფლებინა", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
ინტერპრესნიუსი