ირანთან გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა შესაძლოა, საქართველოში უფრო მეტი ნარკოტიკის შესვლა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ნარკორტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება.
"2010 წელს საქართველომ გააფორმა შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან. ამ შეთანხმების ზუსტი პერიოდი ცნობილი არ არის. თუ შესაბამისი შემოწმება და დათვალიერება არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ შეთანხმებამ შესაძლოა, საქართველოში შემავალი ნარკოტიკების რაოდენობა გაზარდოს. ეს სრულიად შესაძლებელი ჩანს, რადგან ავღანური ოპიატების 40% ირანის გავლით გადის. არის სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ირანსა და საქართველოს შორის გამარტივებული მიმოსვლის გამო, მოვაჭრეები ახალ მარშრუტს გამოიყენებენ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების კონტროლის სისტემა რეფორმას საჭიროებს.
„უპირველესი პრობლემა ანტინარკოტიკული ნაციონალური სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებულ ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც პარლამენტმა 2007 წელს დაამტკიცა, მხოლოდ მთავარი პრიორიტეტების მონახაზებია ჩამოყალიბებული“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში სახოფათო ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია არასათანადოა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეზღუდული და არასაიმედოა. ავტორებს ასევე მიაჩნიათ, არსებული კანონმდებლობა გაერო-ს შეთანხმების მოთხოვნებს არ შეესაბამება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ ქვეთავის შესავალში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის გამო, ნარკოტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ანგარიში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 მარტს გამოაქვეყნა.
ინტერპრესნიუსი