საქართველომ ევროპაში I ადგილზე გადაინაცვლა 100,000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საქრთველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა კვლავ გრძელდება და სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციაზე საუბარი, სამწუხაროდ, მხოლოდ საუბრად რჩება. ქართულ ციხეებში პატიმართა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება.
ფაქტები, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ, მართლაც საგანგაშოა. ლონდონში არსებული ორგანიზაციიის, International Centre for Prison Studies-ის მონაცემებით, 2003 წელს, 100,000 მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის. 2012 წლისთვის კი 539 პატიმრით 100,000 მოსახლეზე საქართველო უკვე მე-4 ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ, საქართველომ უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა (იხ. http://www.prisonstudies.org/info/worldbrief/wpb_stats.php?area=all&category=wb_poprate ).
ევროპის მასშტაბით, იგივე მონაცემების მიხედვით, საქართველო უკვე პირველ ადგილს იკავებს და მან აქაც უკან ჩამოიტოვა რუსეთის ფედერაცია ( http://www.prisonstudies.org/info/worldbrief/wpb_stats.php?area=europe&category=wb_poprate )
როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, ამ მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლებამ ნამდვილად „დაამარცხა“ რუსეთი და წინ გაუსწრო მას. გამოვხატავთ წუხილს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბის ანტირეკორდი შეიძლება დაამყაროს.
საინტერესოა, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა ე.წ. დამოუკიდებელი კვლევა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაზე მიუთითებს. ხელისუფლება ხშირად ცდილობს, საქართველო „ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად“ წარმოაჩინოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ციფრები კი, ფაქტობრივად, საპირისპიროს ამტკიცებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეალური ლიბერალიზაცია და უარი თქვას მოჩვენებით, კოსმეტიკურ ცვლილებებზე.
საპატიმროების გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. შესაბამისად, დღის წესრიგში უნდა მოხვდეს: სასამართლო პრაქტიკაში სასჯელთა შეკრებადობის პრინციპის გაუქმება; საზოგადოებისათვის ნაკლებად საშიში დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და ზოგადად, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შეცვლა ჰუმანური პოლიტიკით; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება; პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით, მსჯავრდებულთა დასაქმების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვა; არასრულწლოვან პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება; საპატიმროებში საზოგადოებრივი მონიტორინგის დაშვება; ევროკავშირის სტანდართებთან შეუსაბამო კანონმდებლობის შეცვლა.
ამავე დროს, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, პირნათლად შეასრულოს ევროპარლამენტის 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მინისტრთა კაბინეტის, ევროკომისიისა და EEAS (ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახური) მიმართ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე გასამართი მოლაპარაკებების შესახებ (2011/2133(INI)). ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯებოსოს არსებული პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, გააგრძელოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა უფლებადარღვევის ფაქტების მონიტორინგის დროს და გაუადვილოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ადამიანების მონახულება“.
ადამიანის უფლებათა ცენტრი
13.01.12.