გელა მთივლიშვილი, კახეთი
2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ლექტორები გაანთავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ჰამლეტ რაზმაძის განცხადებით, ასოცირებული პროფესორი და ამავე დროს რექტორის აპარატის უფროსი ნელი ცქიტიშვილი, ასევე იურიდიული სპეციალობის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე პირადი განცხადებების საფუძველზე განთავისუფლდნენ.
წინასაარჩევნოდ, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე განცხადებები მუქარებისა და იძულების გამო რომ დაწერეს, ამის შესახებ ლექტორებმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე საჯაროდ განაცხადეს. პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო არჩილ ჯორჯაძემ თელავში პრესკონფერენციაც გამართა, რომელიც ცენტრალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებმაც გადაიღეს, მაგრამ სიუჟეტი სატელევიზო ეთერში არ გასულა.
|
|
არჩილ ჯორჯაძე |
იმ დღის შემდეგ მმართველი პარტიის თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი და ამავე დროს ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია პაპუნაშვილი გვდევნიდა. არაერთხელ პირდაპირ შემომითვალა, რომ განცხადება დამეწერა და უნივერსიტეტიდან წავსულიყავი, რაზეც უარს ვამბობდი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ თუ თვითონ არ წავიდოდი, ძალით გამაგდებდნენ, სპეციალობას გააუქმებდნენ და ჩემთან ერთად სხვა პედაგოგებიც სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ. იყო სხვა ზეწოლებიც, მათ შორის დაპატიმრების, რის გამოც იძულებული გავხდი და 13 მაისს უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დავწერე", - ამბობს არჩილ ჯორჯაძე.
"უნივერსიტეტში მოღვაწეობასთან ერთად, პარალელურად გაერთიანებულ ოპოზიციასთან ვთანამშრომლობ და თელავში ამ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის საარჩევნო შტაბის იურისტი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემზე ხორციელდება მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი. ყოველივე ამის გამო, გთხოვთ, გამანთავისუფლოთ იურიდიული სპეციალობის კოორდინატორის თანამდებობიდან, რათა ჩემი უნივერსიტეტში ყოფნით საფრთხე არ შეექმნას უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობას", - აღნიშნულია ჯორჯაძის განცხადებაში.
![]() |
|
ნელი ცქიტიშვილი |
ამ განცხადებების შინაარსის მიუხედავად, 2008 წლის 22 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამლეტ რაზმაძემ გამოსცა ბრძანებები #171 და 172, რომლითაც ცქიტიშვილიც და ჯორჯაძეც დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
- ბატონო ჰამლეტ, ჯორჯაძე და ცქიტიშვილი განცხადებებში პირდაპირ მიუთითებენ, რომ ისინი ზეწოლას განიცდიდნენ. ამასთან ერთად, ცქიტიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პარტიული სიით დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ.
- ნელი ცქიტიშვილმა უნივერსიტეტის რექტორს განცხადებით 8 მაისს მიმართა, ხოლო არჩილ ჯორჯაძემ 13 მაისს. არჩევნებამდე, ანუ 21 მაისამდე მათ ჰქონდათ დრო, რომ საკუთარი განცხადებები გაეთხოვათ, რაც არ გაუკეთებიათ.
- არ დაინტერესდით მაინც, მუქარის რა ფაქტებზე საუბრობდნენ თქვენი კოლეგები?
- მათთვის ამ საკითხების გასარკვევად არ მიგვიმართავს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის არავის დაუვალებია ლექტორების სამსახურიდან გათავისუფლება.
ნელი ცქიტიშვილმა და არჩილ ჯორჯაძემ დახმარებისათვის საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართეს. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა დაიწყეს.