ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოფიციალურად მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ დადასტურდა. ირაკლი ციკორიამ თავი 16 დეკემბერს, გამთენიისას მოიკლა. იგი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ.
შემთხვევის ადგილზე, #2 საპყრობილეში სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი და სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში მადონა ბასილაძე იმ პატიმრებს შეხვდნენ, რომლებიც საკანში გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდნენ.
''მე და სოფო ხორგუანი შევხვდით პატიმრებს, რომლებიც გარდაცვლილს საკმაოდ დადებითად ახასიათებენ. დავინტერესდით, ხომ არ იყო იგი აგრესიული, ვინმემ ხომ არ შეურაცხყო და ა. შ. ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იკვეთება. ჩვენ ციხის ადმინისტრაციიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია გარდაცვლილ პატიმარზე. შევისწავლით საკითხს და გვექნება დეტალური მასალები. თანაც, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დეტალებს დაადგენს'', - აცხადებს მადონა ბასილაძე.
ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პატიმრები ქუთაისის #2 საპყრობილეში ცუდ პირობებში იმყოფებიან და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. პატიმრის თვითმკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ციხეში არსებული პრობლემები სახელდება.
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი