კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ?

21 დეკემბერი, 2007
თბილისი/ბრიუსელი, 2007 წლის 19 დეკემბერი:  დასავლეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა საქართველოზე, რათა ქვეყანამ აირჩიოს რეალური რეფორმებისა და დემოკრატიული გახსნილობის გზა და შეაჩეროს მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ.

კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis roup) უკანასკნელ მოხსენებაში - "საქართველო: მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ?" - განხილულია მზარდი შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, რომელიც აშკარა გახდა ამ მცირე რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. მოხსენება მოუწოდებს ოფიციალურ თბილისს დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან და უზრუნველყოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა რეფორმების განხორციელებისას. 2008 წლის 5 იანვრისათვის გადმოტანილი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ პირველი ტესტი იქნება იმისა, შესაძლებელია თუ არა ამ შემაშფოთებელი ტენდენციის შეცვლა.

როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, მას მემკვიდრეობით არშემდგარი სახელმწიფო ერგო და მალე რუსეთის მზარდ ზეწოლასთან გამკლავებაც მოუწია. სააკაშვილმა საკუთარ მთავრობას მიზნად დაუსახა დემოკრატიის განმტკიცება, ლიბერალური რეფორმების განხორციელება და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და ეკონომიკის რეფორმირებაში. თუმცა, ადგილი ჰქონდა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმების შესუსტებას, შერჩევითი სამართლის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებათა შელახვას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. 2007 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში გამართული საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც მთავრობამ ძალადობით უპასუხა, სწორედ ამ პრობლემებით იყო გამოწვეული და აგრეთვე გაბატონებული მოსაზრებით კორუფციის ფართო მასშტაბების შესახებ.

"მთავრობის რეპრესეიულმა და არაპროპორციულმა რეაქციამ მშვიდობიან დემონსტრაციებზე დასავლეთის სახელმწიფოთა დედაქალაქებში შოკი გამოიწვია, რადგანაც ისინი საქართველოს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნენ," ამბობს მაგდალენა ფრიჩოვა, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. "თუმცა, ეს შოკის მომგვრელი არ უნდა ყოფილიყო: სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, სააკაშვილის ადმინისტრაცია სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა."

საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატო-მ, უნდა გადასინჯონ საკუთარი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ და უნდა მოახდინონ ზეწოლა სააკაშვილსა და მის ადმინისტრაციაზე, რათა მათ თავიანთი კურსი შეცვალონ. ავტორიტარიზმისადმი მიდრეკილებას არ ამართლებს არც გაყინული კონფლიქტების არსებობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და არც სერიოზული დაძაბულობა ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთთან, რომელიც ამ ურჩ რეგიონებზე ძლიერ ზეგავლენას ინარჩუნებს.

აშშ-მა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის მხარს დემოკრატიის პრინციპებს უჭერს და არა კონკრეტულ ლიდერს. არასწორია იმის თქმა, რომ იანვრის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება საკმარისი იქნება საქართველოს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს უფრო ღრმა პრობლემები, რომლებიც კანონის უზენაესობას, კორუფციას, მასმედიის თავისუფლების არასაკმარის ხარისხს, ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმების სისუსტეს და მზარდ ეკონომიკურ უთანასწორობას უკავშირდება. აუცილებელია როგორც რეალური რეფორმების განხორციელება, ისე დემოკრატიული გახსნილობის უზრუნველყოფა.

"იანვრის არჩევნების შემდეგ ყველაფერი ძველებურად არ უნდა გაგრძელდეს," ამბობს საბინა ფრეიზერი, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის ევროპის პროგრამების დირექტორი. "საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ახლადარჩეულმა ხელმძღვანელობამ დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და შეაჩეროს მთავრობის მოძრაობა ავტორიტარიზმისკენ."

ანგარიშის სრული ტექსტი


ახალი ამბები