კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო გადატრიალებაზე გამოძიება დაიწყო

25 დეკემბერი, 2007

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში 17 დეკემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მომზადების ფაქტზე.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, წინასწარ გამოძიებას საფუძვლად დაედო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას პატაკი იმის შესახებ, რომ 17 დეკემბერს მას უნდა შეხვდეს ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია, რომელიც გარკვეული თანხის საფასურად, თავის თანამზრახველებთან ერთად შეეცდება მის მოსყიდვას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს თანხმობით, მოხდა მარინა გაბუნიას და ერეკლე კოდუას საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. მეორე დღეს ასევე ფარულად ჩაიწერა  ერეკლე კოდუას, მარინა გაბუნიას და მისი თანამზრახველის ვალერი გელბახიანის საუბარი.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, ამ "შოკის მომგვრელ" საუბრებში ლაპარაკია სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე, რომელიც ვალერი გელბახიანმა კოდუას გააცნო.

"გელბახიანი ეუბნება კოდუას, რომ თბილისში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავის თანამზრახველებთან ერთად აპირებს არეულობის ინსპირირებას 6 იანვარს, რა დროსაც კოდუას სთხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებას. გელბახიანის ციტირებას ვახდენ: "ჩვენ დავხარჯავთ ბევრ ფულს იმისათვის, რომ საქართველოს ქალაქებში ერთად გამოვიყვანოთ ბევრი ხალხი. დავდგამთ სერიოზულ სპექტაკლს და როცა უმართავი პროცესები დაიწყება, მაშინ უნდა ძალაუფლებას ხელში აღება". ამის სანაცვლოდ, გელბახიანი კოდუას პოლიტიკურ გარანტიებს სთავაზობს. ვიდეოჩანაწერში გელბახიანი ასევე აცხადებს, რომ მოხდება არჩევნების ხელოვნური ბლოკირება, არჩევნების დღეს მოეწყობა პროვოკაციები და ეს არის ის ფონი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სახელმწიფო გადატრიალებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გელბახიანი იქვე დასძენს, რომ არჩევნების კანონიერად ჩატარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კანონიერად ჩატარების შემთხვევაშიც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიწყოს მასობრივი არეულობები. გელბახიანი ამ შეხვედრის შემდეგ უთანხმდება კოდუას, რომ იგი წავა ლონდონში ბადრი პატარკაციშვილთან შესახვედრად და საკითხის დეტალებზე მოსალაპარაკებლად, ახალი დავალებების მისაღებად და ასევე თანხაზე შესათანხმებლად.

პროკურატურა ადასტურებს, რომ კოდუასა და პატარკაციშვილის შეხვედრა ლონდონში ნამდვილად შედგა.

საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, გაბუნია და გელბახიანი ცნობილი იქნენ ეჭვმიტანილებად სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების გადატრიალების მცდელობაში, ამ შეთქმულების მომზადებაში. პროკურატურა ჯერჯერობით არ აპირებს გელბახიანის დაკავებას, თუმცა, მას ეჭვმიტანილის სახით დაკითხავენ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები