კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექვსი შეკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს

28 დეკემბერი, 2007
კონფლიქტების მოგვარება, რომ საქართველოსთვის ნომერ პირველი ამოცანაა, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ამაზე ერთხმად თანხმდება. მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დაპირებები სულ უფრო ხშირად გაისმის.  საქართველოს უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ის თემებია, რომლებითაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ყველაზე ხშირად მანიპულირებენ. თუმცა ის, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები ან როგორ უნდა განაახლონ დიალოგი კონფლიქტურ  რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან, ამომრჩევლებისთვის ცნობილი ჯერაც არ არის.

საქართველოს მოსახლეობა შეეჩვია იმ რიტორიკას, რომელიც ხელისუფლების აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან ისმის. სამაგიეროდ ამ რიტორიკას არ შეეჩვია აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა და, მით უმეტეს, დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს რიტორიკა მასში ხან შიშს, ხან კი აგრესიას იწვევს.

ისმის კითხვა, როგორ უნდა დაიბრუნო ტერიტორია, რომლის მოსახლეობაც შენში ან ჯალათს ან მაჯლაჯუნას ხედავს? ამ პრობლემას არც  სამხედრო სწავლებები შველის და არც ზოგადი რიტორიკა.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამოქმედო გეგმის გასარკვევად ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრეზიდენტობის შვიდ კანდიდატს უგზავნის ექვს შეკითხვას და მათზე დეტალური პასუხის გაცემას სთხოვს.

  1. რა  იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით?
  2. როგორ იმოქმედებთ იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო?
  3. როგორ იმოქმედებთ იმ შემთხვევაში თუ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე სხვადასხვა პროვოკაციების შედეგად საომარი მოქმედებების  გაჩაღების საშიშროება შეიქმნა?
  4. რამდენად მისაღებია თქვენთვის ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო ძალით დაბრუნება?
  5. ფიქრობთ თუ არა, რომ ქართულმა მხარემ დაუშვა შეცდომები, აფხაზურ და ოსურ მხარესთან დაკავშირებით და რა მიგაჩნიათ ასეთ შეცდომად.
  6. როგორ აფასებთ (რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით) კამპანია ,,ბოდიშს“, რომელსაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახორციელებს?
უჩა ნანუაშვილის, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით,  ამ კითხვების გაჩენის მიზეზი არის ის  ვითარება, რომელიც დღეს აფხაზეთთან დაკავშირებითაა შექმნილი:
„აფხაზეთზე საუბრობს ყველა, ვინც პოლიტიკაშია, მაგრამ რეალური ხედვა, პროგრამა, თუ როგორ აპირებენ ამ მართლა სერიოზული პრობლემის მოგვარებას არავისგან მოგვისმენია. ის, რომ აფხაზეთს დავიბრუნებთ, ან დავიწყებთ  კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრს არის ძალიან ზოგადი ნათქვამი. იმ პიროვნებამ კი, რომელსაც ხალხი პრეზიდენტად აირჩევს, ამავე ხალხს კონკრეტულად უნდა უთხრას, როგორ, რა გზებით აპირებს ამ პრობლემების გადაჭრას.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ჰქონდა მცდელობა, ეს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისაგან მიეღო.  პასუხი, მხოლოდ ,,ახალმა მემარჯვენეებმა“ მოგვაწოდეს. რაც შეეხება დანარჩენებს, მათგან ერთი ფარატინა ქაღალდიც კი არ მიგვიღია, სადაც სიტყვით მაინც ეწერებოდა, თუ რა გეგმები აქვთ კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული ხედვა არა აქვთ.

კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა აზრი, მათ შორის დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ ტერიტორია ძალისმიერი მეთოდებით უნდა დავიბრუნოთ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამის კატეგორიული წინააღმდეგია. პირიქით, ჩვენ გვსურს, როგორმე დავარწმუნით საზოგადოება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა   მხოლოდ დიალოგის რეჟიმში უნდა გვქონდეს“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრეზიდენტობის კანდიდატებს ასევე მიმართავს წინადადებით გამოხატონ საკუთარი აზრი იმ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც ცენტრი ატარებს.

კამპანია „ბოდიში მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას. ამ კამპანიის ფარგლებში ორივე მხარეს საშუალება ეძლევა, გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები და ღიად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ კონფლიქტების მიმართ.

კამპანია, სხვა ღონისძიებებთან ერთად ითვალისწინებს შემდეგი ტექსტის გავრცელებას როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ საზოგადოებაში.

ნონა სუვარიანი


მიმართვა აფხაზ ხალხს

   
ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.
ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის, ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი.  
ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ.
ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია.
ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა.
ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია.
ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებელი – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ.
ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა.
ომი უკვე დამარცხებაა.
ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს.  ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი.
ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ.
ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს.
ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს.
გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია  აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა.
ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით.
ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ.
ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები.
ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა.
ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.
ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,
ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის.
ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის.
ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის.

ახალი ამბები