კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადება

3 იანვარი, 2008
ამომრჩეველთა ერთიანი სია

თბილისი, 2 იანვარი, 2008

2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საარჩევნო ადმინისტრაციამ სპეციალური ჯგუფების მეშვეობით განახორციელა კარ-და-კარ ამომრჩეველთა სიების გადამოწმება საქართველოს 75 საარჩევნო ოლქში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ორგანიზაციის გრძელვანიანი კოორდინატორებისა და მოხალისეების მეშვეობით დააკვირდა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობას. და წარმოგიდგენთ მონიტორინგის შედეგებს.

სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება

ამომრჩეველთა ერთიანი სიის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, 2007 წლის 11 სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)  მიიღო დადგენილება სპეციალური ჯგუფების შექმნის თაობაზე, რომელთაც კარ-და-კარ შემოვლის პრინციპით უნდა გადაემოწმებინათ ამომრჩეველთა მონაცემები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ დაკომფლექტების პროცესში წევრთა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრული იყო თითოეული  სპეც. ჯგუფისათვის, ზოგ შემთხვევაში რეალურად არ დაფიქსირდა. კონკრეტულად, ცესკო-ს გადაწყვეტილებით თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 9 წევრი, რომელშიც საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული წევრების გარდა შევიდოდნენ წინა საპარლამენტო არჩევნებში 3 საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის (ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები, პოლიტიკური გაერთიანება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და საქართველოს ლეიბორისტული პარტია) ორ-ორი წარმომადგენელი. თუმცა, ვინაიდან პარტია ახალმა მემარჯვენეებმა და საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ არ წარადგინა შესაბამისი რაოდენობის წევრები, ზოგიერთ ოლქში სპეც. ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა სასურველი 9 წევრით.

სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით, 2007 წლის 17 სექტემბრიდან - 24 სექტემბრამდე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა მსურველთა განაცხადები შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რის შემდეგაც  ოლქებმა ჩაატარეს შესარჩევი კონკურსები. 29 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა სპეც. ჯგუფების წევრთა შერჩევა და საქართველოს მასშტაბით დაკომპლექტდა  3000 სპეც. ჯგუფი.
 
სპეციალური ჯგუფების ტრენინგები

პროექტის მიხედვით, სპეც.ჯგუფების ტრენინგების სქემა იყო შემდეგნაირი: ცესკო-ს წევრებმა ჩაუტარეს ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯომარეებს „კარ-და-კარის“ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ოლქის თავმჯდომარეებმა ტრენინგი ჩაუტარეს სპეც. ჯგუფების თავმჯდომარეებს; ხოლო, სპეც.ჯგუფების თავმჯომარეებს დანარჩენი წევრებისათვის უნდა მიეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია კარ-და-კარის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთან, ცესკო-მ სამოქალაქო რეგისტრაციის სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა გარდაცვლილ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფორმა და სხვა სპეციალური ფორმები და ინსტრუქციები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ სპეც. ჯგუფებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცესკო-ს მიერ მომზადებული წერილობითი ინსტრუქციები არ ითვალისწინებდა ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც მოგვიანებით საქმიანობის განხორციელებისას წამოიჭრა. 
 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სპეციალური ჯგუფის ყველა თავმჯდომარეს არ ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგი, რის გამოც საქმიანობის განხორციელებისას ისინი არ ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მეთოდიკასთან დაკავშირებით. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში სპეც. ჯგუფების თავმჯდომარეები ვერ ჩაუტარებდნენ სრულყოფილ ტრენინგს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. ხშირ შემთხვევაში სწავლებას მხოლოდ ინსტრუქციებისა და შესაბიმისი დოკუმენტების დარიგების ხასიათი ჰქონდა. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ქვედა დონეებთან ინფორმაციის მიწოდების პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი დაიკარგა. არასრულყოფილმა ტრენინგებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა კარ-და-კარ სიების გადამოწმების ხარისხიანად განხორციელებაზე.

ორგანიზაციული საკითხები

„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ სიების გადამოწმების პროცესში არსებობდა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჯგუფის წევრები არ იყვნენ უზრუნველყოფილი კარ-და-კარ სიების გადამოწმების ეფექტურად განხორციელებისთვის ყველა საჭირო მასალით.  კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში ჯგუფის წევრებს არ გადაეცათ ცესკო-ს მიერ შემუშავებული სპეციალური ინსტრუქციები, რომლითაც მათ უნდა ეხელმძღვანელათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თითოეულ ჯგუფს არ ჰქონდა უბნის საზღვრებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის საკმარისი რაოდენობა; ყველა მათგანს გადაეცა სიის მხოლოდ ორი ასლი.

აღსანიშნავია, რომ სპეც. ჯგუფის წევრები პატარა დაჯგუფებებად იყოფოდნენ კარ-და-კარ სიების გადასამოწმებლად. შესაბამისად, ყველა დაჯგუფებას არ ჰქონდა ამომრჩეველთა ერთიანი სიის ასლი, რის გამოც მათ არ შეეძლოთ დამატებები და შესწორებები შეეტანათ უშუალოდ სიაში. ჯგუფის წევრების მიერ კეთდებოდა ჩანაწერები ცალკე ფურცლებზე, ხოლო მოგვიანებით ამ მონაცემების გადატანა ხდებოდა ამომრჩეველთა სიის საუბნო საარჩევნო კომისიის ასლში. მონაცემთა მრავალჯერადი გადაწერა, სავარაუდოდ, ზრდიდა სიებში მონაცემთა შეცდომით შეყვანის ალბათობას.

ამომრჩეველთა სრულყოფილად გადამოწმების პრობლემას ქმნიდა ის ფაქტიც, რომ ამომრჩეველთა ამობეჭდილი სიები ერთ უბანზე ჯგუფის წევრებს განაწილებული ჰქონდათ ანბანის მიხედვით. შედეგად, სოფლებში ვერ მოხერხდა ერთსა და იმავე ოჯახში მცხოვრები სხვადასხვა გვარის ადამიანთა ერთდროული გადამოწმება.

სპეციალური ჯგუფების მუშაობის მონიტორინგის შედეგები

მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ სპეც. ჯგუფის ყველა წევრი სიების შემოწმების პროცესში სრულყოფილად არ იცავდა ინსტრუქციას. კერძოდ, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სპეც. ჯგუფის წევრები არ ამოწმებდნენ ამომრჩევლებს მათი პირადობის მოწმობის მიხედვით. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა, მაგალითად, ოზურგეთის, ხელვაჩაურის შუახევის, ჩუღურეთის, გორის მთაწმინდის, ქარელის თეთრიწყაროსა და სხვა საარჩევნო ოქლებში. ასევე ცალკეულ შემთხვევებში სპეც. ჯგუფი ამოწმებდა მოქალაქეებს მათი ვადაგასული პირადობის მოწმობის მიხედვით. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჯგუფის წევრები არ ავსებდნენ ან არ იცოდნენ როგორ შეევსოთ გარდაცვლილ ამომრჩეველთა ოქმები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარ-და-კარ სიების გადამოწმების პროცესში სპეციალური ჯგუფების წევრები არ იცავდნენ ცესკო-ს მიერ დადგენილ ვადებს. კერძოდ, მიუხედავად ცესკო-ს მოთხოვნისა, სპეც. ჯგუფებს მუშაობა შეეწყვიტათ 2007 წლის 11 ოქტომბერს და განეახლებინათ 19 ოქტომბერს,  ზოგიერთი სპეც. ჯგუფი არ დაემორჩილა ცესკო-ს მითითებას. ასეთმა ჯგუფებმა მუშაობა დაასრულეს  5 ნოემბრის ნაცვლად 23 ოქტომბერს.  სპეც. ჯგუფებმა სიების გადამოწმება არ შეწყვიტეს, მაგალითად: გარდაბნის, ადიგენის, ხელვაჩაურის, ონის, საჩხერეს, ზესტაფონის, ხონის, წყალტუბოს, ქუთაისის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდისა და სხვა საარჩევნო ოლქებში. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამან ხელი შეუშალა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორების მიერ ამ პროცესის მონიტორინგის განხორციელებას.

აღსანიშნავია ასევე, რომ სპეც ჯგუფების მიერ სიებში მხოლოდ იმ ამომრჩეველთა გადამოწმება განხორციელდა, რომლებიც ერთი კონკრეტული უბნის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულნი და ცხოვრობენ ამ უბნის საზღვრებში. სამწუხაროდ ვერ გადამოწმდა ის ამომრჩევლები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება მათი რეგისტრაციის ადგილისაგან. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ასეთ ამომრჩევლთა რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შიდა-მიგრაცია.

ამასთან, ცესკოს მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით, არ იყო ზუსტად განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო სპეც. ჯგუფის წარმომადგენელი, როდესაც კონკრეტულ მისამართზე მისულს სახლში არ დახვდებოდა ამომრჩეველი.

კარ-და-კარ გადამოწმებული სიების დამუშავებისა და კომპიუტერიზაციის პროცესი
 
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოროსი საზოგადოება“ დააკვირდა ცესკო-ს მიერ კარ-და-კარ გადამოწმებული სიების დამუშავების მთლიან პროცესს.

მონიტორინგის შედეგებით ირკვევა, რომ ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების კომპიუტერიზაციის მიზნით ცესკო-ს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ქსელების სამსახურმა დაიქირავა 42 ოპერატორი, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებდნენ ამომრჩეველთა მონაცემების ერთიან  ელექტრონულ ბაზაში შეყვანას. ოპერატორები მუშაობდნენ სამ ცვლაში: 1. 9:00 – 13:30; 2. 14:00 – 18:00; 3. 18:00 – 22:00. ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციისა და დამუშავების პროცესი გულისხმობდა გარდაცვლილებისა და გაორებების ამოღებას სიებიდან, გამოტოვებული ამომრჩევლების დამატებას და უბნების საზღვრების დადგენას სოფლების მიხედვით. სამი-ოთხი დღის განმავლობაში ცესკო-ში იმყოფებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, რომლებიც  ესწრებოდნენ ამომრჩეველთა მონაცამების სიაში შეყვანის პროცესს და ხარვეზების შემთხვევაში, ეხმარებოდნენ ოპერატორებს უზუსტობებს შესწორებაში.
 
2007 წლის 5 დეკემბერს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში უნდა დასრულებულიყო სიების კომპიუტერიზაცია. ცესკოს ინფორმაციით, გადამოწმდა საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობის 2/3. ამასთან, ამომრჩეველთა სიების დამუშავების პერიოდში საქართველოს მასშტაბით სიებიდან ამოღებულ იქნა 28 123 გარდაცვლილი, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,83 %-ს; დამატებული იქნა 65 491 ამომრჩეველი, საერთო რაოდენობის - 1,94%. ცესკო-ს 2007 წლის 29 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 3 372 179.

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა  რამდენიმე ოლქში გადაამოწმეს გარდაცვლილ ამომრჩეველთა მონაცემები. 22 დეკემბერს ცესკო-ს გადაეცა  გარდაცვლილ ამომრჩეველთა სია, რომლებიც იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ფიქსირდებოდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.   ქარელის  # 33 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე, სიაში ნაპოვნი იქნა 50 გარდაცვლილი; ონის # 43 საარჩევნო ოლქის # 1 და # 2 საარჩევნო  უბანზე -  33 გარდაცვლილი; ზუგდიდის # 67 საარჩევნო ოლქის #19 და # 68 საარჩევნო უბნებზე - 19 გარდაცვლილი. „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ჯერჯერობით  უცნობია ცესკო-ს მიერ აღნიშნული სიის გადამოწმების შედეგები.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ განახორციელა რაოდენობრივი შედარება 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დროს არსებული ამომრჩეველთა სიასა და 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არსებულ სიას შორის ოლქების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2006 წელთან შედარებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ: კრწანისი  (19,7 %),  კასპი (18,7 %), მარნეული (17,5 %), მარტვილი (16,2 %), საბურთალო (14,0%), ლაგოდეხი (13,8 %) და ოზურგეთი (10,9 %). აღსანიშნავია, რომ კრწანისის ოლქში ამომრჩეველთა ასეთი ზრდა განპირობებულია 2006 წელს თბილისის საზღვრების შეცვლით, რის შედეგადაც რამდენიმე მიმდებარე სოფელი გახდა ქალაქ თბილისის ნაწილი. ამავე დროს, ამომრჩეველთა რაოდენობა შემცირდა ზოგიერთ ოლქში, მაგალითად: მცხეთა (-22.7 %), გარდაბანი (-8.1 %), ზემო აფხაზეთი (-6.5 %), ლენტეხი (-2.5 %) და სენაკი (-2.2 %).  

2007 წლის 7 დეკემბერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ასლები გამოიკრა საარჩევნო უბნების უმეტეს ნაწილზე. “სამართლიანი არჩევნების” მიერ გადამოწმდა, თუ რამდენად აისახა სიებში კარ-და-კარ ამომრჩეველთა მონაცემების დაზუსტების შედეგები. სამწუხაროდ, 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ სიებში კვლავაც დაფიქსირდა ის უზუსტობები, რომლებიც შესწორებული იქნა სიების კარ-და-კარ გადამოწმების შედეგად.

“სამართლიანი არჩევნები” მიესალმება საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივას კარ-და-კარ სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით. თუმცა სასურველია, დაგეგმარებისას განისაზღვროს საქმიანობის მეთოდოლოგიისა და მისი  განხორციელების ყველა დეტალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი შედეგები.

“სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს ამომრჩევლების სიებთან დაკავშირებულ პროცედურების მონიტორინგს, რომლის შედეგებსაც პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას.

ახალი ამბები