კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: წინასაარჩევნო მონიტორინგის წინასწარი ანგარიში

3 იანვარი, 2008
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სადამკვირვებლო მისია

წინასაარჩევნო მონიტორინგის წინასწარი ანგარიში
3 იანვარი 2008

მოცემული ანგარიში წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველად ვერსიას და საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება 5 იანვრის შემდეგ კენჭისყრის დღისა და საარჩევნო ფონდების მონიტორინგის შედეგებთან ერთად.

დასკვნები და შეფასებები

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა ძალზედ შემჭირდოვებულ ვადებში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ფორმალურად დანიშვნა მოხდა 25 ნოემბერს. მაგრამ რეალური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 8 ნოემბერს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მედია საშუალებების ვირტუალური შეზღუდვის ფონზე. 7 ნოემბერს დახურულმა ტელეკომპანია “იმედმა” განაახლა საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდის შუაში და მოცემული პერიოდის მიწურულს კვლავ შეაჩერა მაუწყებლობა. მოცემულ პერიოდში საარჩევნო კანონი შეიცვალა ორჯერ (22 ნოემბერი, 7 დეკემბერი). ამ და სხვა ფაქტორებმა კიდევ უფრო რთული გახადეს წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური მონიტორინგი. საიამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი განახორციელა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, დუშეთი, რუსთავი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი). კამპანიის განვლილმა პერიოდმა აჩვენა მთელი რიგი დარღვევები, პოლიტიკური სუბიექტების, საჯარო მოხეელებისა თუ სხვა სუბიექტების მხრიდან, რომლებზეც დროული რეაგირება უნდა გამხდარიყო წინაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის. მოცემულ ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლები პერმანენტულად აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას (განცხადებებისა თუ საჩივრების მეშვეობით), ისე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და მედია საშუალებებს.

•    შენობა-ნაგებობების ნუსხა და სააგიტაციო შეხვედრებისთვის ადგილის ხელმისაწვდომობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კანონის შესაბამისად წარუდგინეს საარჩევნო ადმინისტრაციას იმ შენობების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს მიეცათ საშუალება მოეწყოთ წინასაარჩევნო შეხვედრები. თუმცა მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც: ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიხეილ სააკაშვილმა (ფორმალურად კანდიდატად რეგისტრაციამდე) მოაწყო შეხვედრა თბილისის საკრებულოში (28 ნოემბერს), რომელიც არ შედის მოცემული შენობების სიაში; თელავში თეატრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატს შეხვედრის გამართვაში; ზესტაფონში, მეორე ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებს არ მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ მხარდამჭერებს “ფეროს” კულტურის სახლში;
 
•    ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეების კანონის დარღვევით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში გახლდათ ერთ-ერთი უძირითადესი პრობლემა განვლილ პერიოდში. კანონმდებლობის დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური თანამდებობის საჯარო მოხელეები (დეპუტატები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიებიდან, მინისტრები, ქალაქის მერი), ისე სხვა საჯარო მოხელეები – გუბერნატორები (რომლებიც კანონის თანახმად არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები); მოცემულ პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ საარჩევნო კოდექსის მთელი რიგი მუხლი მოცემულ საკითხზე ბუნდოვანია და ზუსტი სამართლებრივი მოსაზრების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია სხვა საკანონმდებლო აქტების ერთობლივი გაანალიზება; საიამ რამდენიმე საჩივრით მიმართა ცესკოს, მაგრამ, სამწუხაროთ ცესკომ კენჭისყრით (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ) არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები. მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა ცესკოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით (პირველ და სააპელაციო ინსტანციებში).

•    ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, დაპირება (“ამომრჩევლის მოსყიდვა”)

საიას მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის (გადაცემის დაპირების) პირდაპირი შემთხვევები ორი რეგისტრირებული კანდიდატის – მიხეილ სააკაშვილისა და არკადი პატარკაციშვილის მიერ. საიამ, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ თავი მოვალედ ჩათვალა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ორივე კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება. სასამართლომ 22 დეკემბერს არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. ამასთან ერთად მსგავსი შინაარსის შემთხვევები ფიქსირდებოდა საიას რეგიონული ოფისების მიერაც (ბათუმი, დუშეთი). მოცემული შემთხვევები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

•    ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა ფაქტები, მოქალაქეებზე ზეგავლენა

მიუხედავად იმისა, რომ საიას მონიტორინგი კონცენტრირებულია საარჩევნო კოდექსით პირდაპირ დადგენილი აკრძალვებზე, “ადმინისტრაციული რესურსების” საკითხის მასშტაბურობის გათვალისწინებით საია უერთდება “საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს” მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგად შუალედურ ანგარიშებში გამოთქმულ შეშფოთებას სპეციალური სოციალური პროექტების მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში ინიცირების შესახებ. მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულია რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც საჭიროებენ შეფასებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან: კანდიდატ სააკაშვილის მიერ 3 დეკემბერს მოლდაველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე “შუამდგომლობა”; რეგიონებში სააგიტაციო შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობის “თავისებურებანი” (თელავი, დუშეთი); რეგიონებში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისგან მიღებული ზეპირი ინფორმაცია მათ მიმართ უშუალო უფროსის მიერ “აგიტაციის” განხორციელების შესახებ (ბათუმი, თელავი);

•    წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მედია

საიას მიერ ხორციელდება მედია საშუალებების მიერ საარჩევნო კანონის დაცვის მონიტორინგი (გარდა ქრონომეტრაჟის შესწავლისა), რომლის შედეგები აისახება მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში. არ შეინიშნება დარღვევები “ფასიანი” და “უფასო” პოლიტიკური რეკლამებისათვის შესაბამისი მითითებებთან დაკავშირებით. მედიის მხრიდან ფორმალურად სრულდება ცესკოსთვის ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რადიო “ჰერეთის” საქმე, რომელსაც კომუნიკაციების კომისიასთან დავაში წარმოადგენს საიას თელავის ოფისი.

•    საარჩევნო ფონდების გამჭვირვალეობა

მოქმედი კანონი მოცემული კამპანიის ვადების გათვალისწინებით არ იძლევა საშუალებას კენჭისყრის დღემდე მოხდეს საარჩევნო ფონდების საქმიანობის განსაჯაროობა და ცესკომ შეძლოს კენჭისყრის შემდეგ  წარდგენილი საბოლოო ანგარიშების შესწავლა მანამ სანამ მოხდება კენჭისყრის შედეგების ოფიციალური შეჯამება. საიას ინიციატივა, მიღებულიყო გადაწყვეტილება ფონდების მიერ პირველადი ინფორმაციის კენჭისყრის დღემდე წარმოდგენის შესახებ, ცესკოს სხდომაზე არ იქნა მხარდაჭერილი (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ). ამასთან, სამმა საარჩევნო ფონდმა (ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების) გამოხატეს “კეთილი ნება” და წარადგინეს პირველადი ინფორმაცია ცესკოში 24 დეკემბერს. მოცემული ინფორმაციის ფონდების მიერ საბოლოო ანგარიშებთან ერთად გაანალიზდება და გამოიცემა საარჩევნო ფონდების მონიტორინგის სპეციალური ანგარიში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მოცემულ პირველად ანგარიშში აღნიშნულ ფაქტებზე მოხდება ეფექტური და დროული რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და ეს ფაქტები არ გახდება ერთიანობაში საარჩევნო პროცესის ნეგატიურად შეფასების საფუძველი. საია ღიაა თანამშრომლობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შექმნილ ”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფთან”, პოლიტიკურ სუბიექტებთან, სხვა დამკვირვებელ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან.

საია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს კენჭისყრის დღის – 5 იანვრის შემდეგ.

კენჭისყრის დღეს – 5 იანვარს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააკვირდება დამოუკიდებლად, თბილისში, ქუთაისსა და აჭარაში. საიას დამკვირვებლები - იურისტები (350-მდე) იქნებიან ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში. მისიას ეყოლება დამკვირვებელთა მობილური ჯგუფები თითოეული საარჩევნო ოლქების მიხედვით. საიას დამკვირვებლები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ შესაძლო დარღვევაზე საჩივრის წარდგენის გზით საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში.  კენჭისყრის დღეს საიას სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელება მედია საშუალებებისათვის მოხდება მედია ცენტრის მეშვეობით, რომელიც დაფუძნდა სამ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან  ერთად.

გთხოვთ იხილოთ ანგარიშის სრული ვერსია:

www.gyla.ge/?display=news&view=627

ახალი ამბები