კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიით არასწორი ინფორმაციის გავრცელება შეშფოთებას ამძაფრებს,” - გაეროს მოხსენება აფხაზეთზე

28 იანვარი, 2008
ქართული მედიის საშუალებით თითქმის ყოველდღიურად გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც დროდადრო საქართველოს ხელისუფლებიდან მომდინარეობს, ამძაფრებდა გაურკვევლობის და შეშფოთების გრძნობას გალის რაიონში, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მოხსენებაში.
მოხსენება, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას ეხება და გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებულ პერიოდს მოიცავს, 25 იანვარს გამოქვეყნდა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”შეშფოთების საგანს წარმოადგენს ერთის მხრივ, ადგილზე არსებულ რეალობას შორის შეუსაბამობა, ხოლო მეორე მხრივ, მედიის ან ოფიციალური პირების განცხადებები”.

”მტრის ხატის” ცნება ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში ცეცხლის შეწყვეტის ხაზის ორივე მხარეს,” - აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი მოხსენებაში, ”შიშების და მტრობის გაქარწყლება არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მხოლოდ კიდევ უფრო გაამძაფრებს მათ და უფრო გაართულებს ნდობის აღდგენის პროცესს”.
მოხსენების თანახმად, თითოეულ ცალკე აღებულ არასწორ ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე შესაძლოა მცირე ზემოქმედება ჰქონოდა, ”თუმცა, საერთო ჯამში, მათ დიდი წვლილი შეიტანეს უნდობლობის და საფრთხის ზრდის საქმეში, რამაც შედეგად გაზარდა კონფრონტაციის შანსები”.

ბოლო თვეების მანძილზე ქართული ტელეკომპანიები ინტენსიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას გალში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადების თაობაზე; დიდი რაოდენობით აფხაზური ძალების განთავსებაზე და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე; ასევე აფხაზური ძალების მიერ და რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით ვითომდა რვა ადგილობრივი მკვიდრის დაკავებაზე; სოფლებში - ოტობაია, ნაბაკევი და თაგილონი - შვიდი სახლის გადაწვის თაობაზე; აფხაზური ძალების მიერ გალის მაცხოვრებლების მასიური დაპატიმრებების შესახებ; აფხაზური მილიციის მიერ რუსი სამშვიდობო ძალების დახმარებით ქართული წარწერიანი საგზაო ნიშნების განადგურებისა და სკოლებში ქართულენოვანი წიგნების დაწვის თაობაზე.
ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოჩამჩირეში ეთნიკურ რუს და ჩეჩენ სამშვიდობოებს შორის მომხდარი სროლების შესახებ, რის შედეგადაც ვითომდა ექვსი სამშვიდობო დაიჭრა; არჩევნების დღეს, 5 იანვარს, ტელევიზიით გადაიცა სამშვიდობოებს შორის მომხდარი სროლის შესახებ, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლიც მოყვა. 

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გაეროს დამკვირვებლებმა, რომლებიც გალის რაიონში პატრულირებას ახორციელებდნენ, აღმოაჩინეს, რომ მედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია ”ძირითადად უსაფუძვლო აღმოჩნდა”. ”საერთო ჯამში, პატრულმა აღმოაჩინა, რომ ეს ინფორმაცია ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლო, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ სწორი, ხოლო ზოგ შემთხვევაში არასწორად ინტერპრეტირებული იყო,” - ნათქვამია მოხსენებაში.

ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში, რომელიც მიმდინარე კვირას გადაიცა, ქართულმა ტელეკომპანიებმა განაცხადეს, რომ ათობით რუსმა სამშვიდობომ თვითნებურად დატოვა სამხედრო ბაზა მას შემდეგ, რაც რუსულ სამშვიდობო ძალებში მომსახურე ჩეჩენ სამშვიდობოებთან კონფლიქტი მოუვიდათ. 26 იანვარს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ გაქცეული სამშვიდობოების ადგილსამყოფელი უცნობია.

მოხსენებაში ასევე საუბარია აფხაზეთის სეპარატისტული ხელისულების გაფრთხილებაზე, რომ გალის ის მაცხოვრებლები, რომელთაც სურდათ ზუგდიდში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, უმჯობესი იქნებოდა ზუგდიდშივე დარჩენილიყვნენ. ”ამგვარ ”გაფრთხილებებს” შემაკავებელი ეფექტი ჰქონდა გალის მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობაზე,” - ნათქვამია მოხსენებაში.

თუმცა, იქვე აღნიშნულია: ”პარადოქსია, მაგრამ ისინი [გალის რაიონის ეთნიკური ქართველები] ასევე შეაკავა ქართული მედიით გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტებოდა არჩევნების პერიოდში”.
მოხსენება, ზოგადად, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ბოლო თვეების განმავლობაში  რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, ”სანდო დამკვირვებლებმა ორივე მხრიდან აღნიშნეს, რომ 2007 წელს მხარეებს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა, 1998 წელს დაფიქსირებული ფართომასშტაბიანი ძალადობის შემდეგ”.

”ორმა საარჩევნო კამპანიამ, რომელსაც 2007 წელს ჰქონდა ადგილი - საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების და აფხაზეთის  დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების - კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ზღვარი, რომელიც მხარეების და მათი ამომრჩევლების პოლიტიკურ შეხედულებებს შორის არსებობს, კერძოდ, თბილისში  - გაერთიანება, ხოლო სოხუმში - დამოუკიდებლობა მიჩნეულია როგორც მთავარი პრიორიტეტები, რაც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება,” - ნათქვამია მოხსენებაში.

წყარო : Media.ge

ახალი ამბები