სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს. აქტუალურ საკითხად აქციონ სამართლებრივი სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ ადამიანებისთვის ფიზიკური ზეწოლისა და წამების ფაქტებზე რეაგირება.
სახალხო დამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამართალდამცავების მხრიდან ადამიანებზე ფიზიკური ზეწოლისა და წამების რამდენიმე ფაქტი გააცნო.
სუბარის თქმით, წამების მსხვერპლზე ზეწოლა მანამდე გრძელდებოდა ხოლმე, სანამ დაზარალებული პირი არ შეწყვეტს ჩივილს.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2007 წლის ოქტომბერში მოხდა ონის რაიონის სოფელ ქვედში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ონის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ და მასთან მყოფმა განყოფილების ორმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს სოფელ ქვედის მკვიდრი ლევან მაისურაძე.
ცემის ფაქტის თვითმხილველები არიან მამა-შვილი გოჩა და ზვიად ქისტაურები, რომლებმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი ლევან მაისურაძე მისი ძმის სახლში გადაიყვანეს.
სოზარ სუბარის ინფორმაციით, ლევან მაისურაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თვეზე მეტხანს მკურნალობდა თბილისში.
აღსანიშნავია, რომ აკაკი მაისურაძე და მისი ორი თანამშრომელი, ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და გინებით ლევან მაისურაძის ძმის ჯემალ მაისურაძის სახლშიც შეცვივდნენ და ლევან მაისურაძის მოკვლით იმუქრებოდნენ.
სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს სანდრო გირგვლიანის საქმეს, მაგრამ საბედნიეროდ ლევან მაისურაძე ცოცხალი გადარჩა.
წყარო: მედიანიუსი