პარიზის სასამართლომ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შინა პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების ან საქართველოში ექსტრადიციის საკითხს პარიზის სასამართლო 27 თებერვალს განიხილავს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობიდან რამდენიმე პირობით გაათავისუფლეს. მან საკუთარი პასპორტი უნდა გადასცეს სამართალდამცავებს, კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს პარიზის პოლიციაში, ამასთან იკრძალება პარიზის დატოვება და აეროპტრში მისვლაც კი.
ირაკლი ოქრუაშვილი გერმანიაში დააკავეს, 9 იანვარს კი მოხდა მისი საფრანგეთში ექსტრადიცია.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ადვოკატის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება არის ერთგვარი პირობა იმისა, რომ ექსტრადიციის საკითხი სამართლიანად გადაწყდება და არ მოხდება ოქრუაშვილის ქართველი სამართალდამცავებისთვის გადაცემა. "ოქრუაშვილი არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ამაში უკვე ყველა დარწმუნდა". - განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო: მედიანიუსი