კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა ოქრუშვილის ყადაღადადებული საკუთრების საკითხი შეისწავლა

18 თებერვალი, 2008

სახალხო დამცველმა შეისწავლა გიორგი ათონელის ქუჩა #27 მდებარე 137 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე მოთავსებული შენობის საკითხი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კიდევ 10 ადამიანს ეკუთვნის. შენობას სასამართლოს ბრძანების თანახმად დაყადაღებულია და მას სსიპ დაცვის პოლიცია იცავს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შენობაში დაცვის პოლიციის ყოფნა და მფლობელთათვის შენობით სარგებლობის ხელშეშლა უკანონოა.

2007 წლის 6 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მილერი ხარებავამ გამოცა ბრძანება ბრალდებულის _ ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. სასამართლომ არ შეამოწმა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და სრულიად უსაფუძვლოდ მთლიანად დააყადაღა არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ მის გარდა კიდევ ამირან გიგუაშვილის, გელა ნასყიდაშვილის, დავით კეკელიშვილის, ვასილ მახარაშვილის, თეიმურაზ გოგიტიძის, იოსებ გიგუაშვილის, ლევან ტერაშვილის, მარლენ ნადირაძის, მიხეილ ქარელისა და ნიკა რამიშვილის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებას.

საქმის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ სასამართლოს მხრიდან მთლიან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების კანონიერება მხარეს სადავოდაც რომ არ მიაჩნდეს, მათი საკუთრების უფლება დარღვეულია სსიპ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ მიერ. სასამართლომ ყადაღა მხოლოდ იმ მიზნით დაადო შენობას, რომ არ მიმხდარიყო მისი გასხვისება. შესაბამისად, არავის არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს მესაკუთრეებს დაყადაღებული ქონებით სარგებლობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, „ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - აგრეთვე ქონებით სარგებლობას.“

2008 წლის 15 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ადგილზე დაათვალიერეს დაყადაღებული შენობა-ნაგებობა. შესასვლელში მათ „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ „დავალებული აქვთ“ ობიექტის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ აკრძალული აქვთ შენობაში ნებისმიერი პირის, მათ შორის მესაკუთრეების შეშვება, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, მიცემული დავალების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოადგინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #266-ე ბრძანებით განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები. ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.“ ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიცია უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ დადებული ხელშეკრულების მიხედვით. აღნიშნული დებულებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაცვის პოლიციაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს უფლებამოსილებები დაცვის პოლიციის მიმართ შემოიფარგლება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნით და საფინანსო-ეკონომიკური კონტროლით. შესაბამისად, შეუძლებელია ობიექტის დაცვის ბრძანება გაცემული იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

ამიტომ, აბსოლუტურად გაურკვეველია რომელ პირთან, ან რომელ ორგანიზაციულ წარმონაქმნთან წარმოეშვა ობიექტის დაცვის ვალდებულება დაცვის პოლიციას.

ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ დაცვის პოლიციის კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო ქონების მესაკუთრეებს ხელი ეშლებათ საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა...“

დარღვეულია საქართველოს 21-ე მუხლით განსაზღვრული და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება. კერძოდ ფიზიკური პირების უფლება - შეუფერხებლად სარგებლობდნენ თავისი საკუთრებით.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიული პირის „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ უფროსს ზაზა გელაშვილს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს შენობის უკანონო დაცვა, რათა მესაკუთრეებმა მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა შეძლონ. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოვლენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და ამ ფაქტზე წინასწარი გამოძიების წარმოება სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას მიეკუთვნება. შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს და სსიპ-ის „დაცვის პოლიციის დეპარტამენტის“ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წინასწარი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წყარო: სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები