თვეების მანძილზე გათიშული შუქი, ნარკოლოგიური საავადმყოფოს შენობაში მხოლოდ მაისში ჩართეს. ივნისში კი კვლავ გათიშეს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ შუქი დავალიანების გამო გაითიშა. თუმცა, დავალიანება ჩართვამდეც არსებობდა. მოსახლეობა შუქს საარჩევნო „საჩუქარს“ უწოდებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ შუქი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. „არჩევნები დასრულდა და გაგვითიშეს. ერთი თვით საარჩევნო „საჩუქარი“ გაგვიკეთეს, თუმცა ჩვენ გადასახადი, რაც დავხარჯეთ, მაინც გადავიხადეთ. ეს დავალიანება მარტო ჩვენს შენობას არიცხია, თუმცა აქ არც მრიცხველი იყო იმ პერიოდში. მხოლოდ ერთი თვეა დადგეს საერთო მრიცხველი“, - ამბობს ხალხი. ამჟამად 22 დევნილი და 26 ეკომიგრანტი ოჯახი სიბნელეში ცხოვრობს.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი სურმავა აცხადებს რომ ყოფილ ნარკოლოგიური საავადმყოფოს შუქი დავალიანების გამო გაეთიშა: „ჩვენ ვართ კერძო კომპანია, ჩვენ ქველმოქმდეობას არ ვეწევით, ამიტომ საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. 8 ათასი ლარი ჰქონდათ აპრილის დასაწყისთვის დავალიანება“.
თუ რატომ მოხდა მხოლოდ მაისში ამ შენობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, სურმავა აღარ გვპასუხობს.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი