შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი თანამშრომლების გაყინული ხელფასების დავალიანების გადახდას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გუბერნატორის მთავარმა ბუღალტერმა ეკა სოიტაშვილმა დაუდასტურა.
კონტროლის პალატის რევიზიის 2008 წლის 25 მარტის აქტში წერია, რომ 2008 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გუბერნატორის ადმინისტრაციას 62 600 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს, მათ შორის 16 000 ლარი - მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება; 5 000 ლარი - სოცანარიცხები, ხოლო დანარჩენი 45 500 ლარი წარმოადგენს სხვა საქონელსა და მომსახურებას (კომუნალურ ხარჯს).
ეკა სოიტაშვილის განცხადებით, ლადო ვარძელაშვილმა ფინანსთა სამინისტროს წინაშე დააყენა მოთხოვნა, რომ მას ეს ვალები ჩამოაწერონ. ბუღალტერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თანხების არარსებობით ხსნის.
საბა წიწიკაშვილი, გორი