კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რადიო „იმედის“ რეგიონული კორესპონდენტი სამსახურიდან კონტრაქტის ამოწურვამდე დაითხოვეს

25 ივლისი, 2008

რადიო „იმედის“ ჟურნალისტი სამეგრელოს რეგიონში ნანა ფაჟავა, რომელიც ასევე www.humanrights.ge -ს თანამშრომელიცაა, რადიოს ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა. ფაჟავა თვლის, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და კოლეგებს და შესაბამის ორგანოებს მისი უფლებების დაცვას სთხოვს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს წერილს, რომლითაც ნანა ფაჟავა იმ დეტალებზე ყვება, რაც მის გათავისუფლებას უძღოდა წინ:
 
„23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განმუხურში ვიზიტამდე 2 საათით ადრე ტელეფონით დამიკავშირდა "რადიო იმედის" პროდიუსერი ლელა გაბეჩავა და შემატყობინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას "რადიო იმედის" პირდაპირი ეთერით ლაშა ბერულავა გაავრცელებდა და მიკროფონიც მისთვის უნდა გადამეცა. პროდიუსერს "რადიო იმედის " საინფორმაციო სამსახურის უფროსთან საუბარი ვთხოვე. ნინო გაბრიაძემ რამდენიმე წუთში თავად დამირეკა და მითხრა, რომ სანამ იგი ამ თანამდებობაზე იმყოფება, გადაწყვეტილებებს თვითონ მიიღებს. მე ხელშეკრულების ვადა შევახსენე, რომელიც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მეწურება. გაბრიაძისთვის თურმე ხელშეკრულების არსებობას მნიშვნელობა არა აქვს. მან განმიცხადა, რომ დღეიდან პრინციპულად ლაშა ბერულავა ჩაერთვება პირდაპირ ეთერში.
ხელშეკრულების ვადის ივლისის ბოლოს  ამოწურვასთან დაკავშირებით ლელა გაბეჩავამ 14 ივლისს ტელეფონით შემატყობინა და მითხრა, რომ "რადიო იმედი" უნდა დამეტოვებინა. მიზეზად კი მან ხელმძღვანელების გადაწყვეტილება დამისახელა, რომლის მიხედვითაც მომავალში ტელერადიოკომპანია "იმედს" ერთი ჟურნალისტი უნდა ჰყავდეს და იგი ლაშა ბერულავა უნდა გახდეს.

არ ვიცი პრინციპულობაში რას გულისხმობს ქალბატონი გაბრიაძე, რომელსაც არ ვიცნობ და რომელსაც სურვილიც კი არ გამოუთქვამს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს პირადად გასცნობოდა, მაგრამ "რადიო იმედში" მუშაობის 4 წლის მანძილზე მე ჩემი საქმისადმი პრინციპულობას ნამდვილად ვიჩენდი.

ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ სამეგრელო-ზემო-სვანეთის მოსახლეობამ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ჩემთვის მიუღებელია ამ ფორმით იმ კომპანიის დატოვება, რომელსაც წლების განმავლობაში ერთგულად ვემსახურე. მიუღებელია ისიც, რომ ჟურნალისტის უფლებებს თავად კოლეგები არღვევენ.

ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სპეცსამსახურები ჩემს მობილურზე უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული ოპერატიულობით იმუშავეს და მაშინვე, როგორც კი ჩემი სატელეფონო საუბრები მოისმინეს, ჩემი "რადიო იმედიდან" დათხოვნით გამოწვეული სიხარული ვეღარ დაფარეს და სატელეფონო შეტყობინებების გამოგზავნა უმალ დაიწყეს. შეტყობინება იმ ნომრიდან მივიღე, რომელიც ჩემს მიმართ მუქარასთან ერთად უწმაწურ სიტყვებს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დღიდან არ იშურებდა. ჩემი ინფორმაციით  ზარებს, რომელიც  895 943007 ნომრიდან შემოდის, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი ახორციელებს. ძალოვან სტრუქტურაში ამ ნომრის მფლობელის ძირითადი საქმიანობა დღეს მაშინაც დავაზუსტე, როდესაც ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ ჩემი თხოვნით იმავე ნომერზე დარეკა_ტელეფონის ეკრანზე "კუდი" გამოჩნდა. ჟურნალისტმა ეს ნომერი თურმე მაშინ ჩაინიშნა, როცა მას იგივე მეთოდებით ებძოდნენ.

მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ჩემს დისკრედიტაციას, უფლებებისა და ღირსების შელახვას ასე უღირსად ცდილობს, შეწყვიტოს ჩემს მიმართ ფარული დევნა, უკანონო მოსმენები და დასმენები, ვინაიდან მათი მხრიდან განხორციელებული ყველა ამგვარი მცდელობა ისევე ფუჭი აღმოჩნდება, როგორც წლების განმავლობაში მათი უშედეგო მცდელობა ჩემი ტენდენციურობაში დადანაშაულებისა. მე ბოლომდე დავიცავ ჩემს უფლებებს, იქნება ეს სასამართლო თუ სხვა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“


              

ახალი ამბები