საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირი სკოლამდელ დაწესებულებებში აკადემიური წლის გამოცხადებას აპროტესტებს.
საბავშვო ბაღის პედაგოგებისათვის ცნობილი გახდა, რომ წელს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აკადემიური წელი ცხადდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პედაგოგთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმალიძემ განაცხადა, მათი კავშირი წინააღმდეგია, რომ საბავშვო ბაღებში შესახლებული დევნილები იქიდან იძულებით გამოასახლონ და კარვების ქალაქში გადაიყვანონ. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია, რომ სხვაგვარად მოგვარდეს. კერძოდ კი, პედაგოგთა პროფკავშირის მონაცემებით, დღესდღეობით არის იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში არსებულმა სკოლებმა ორცვლიანი განრიგით იმუშაონ. აქედან გამომდინარე, დევნილებისათვის სკოლებშიც გამოთავისუფლდება ადგილები და საბავშვო ბაღიც და სკოლაც სასწავლო პროცესის განახლებას ერთდროულად შეძლებენ.
მანანა ღურჭუმალიძის თქმით, ის, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვები ორი თვე არ მივიდნენ, დასაქმებული ადამიანების პარალიზებას შეუწყობს ხელს და ყოვლად დაუშვებელი იქნება, რადგანაც ამ ბავშვების მშობლები სამსახურში სიარულს ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი იუნისეფისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს ესაუბრა და მათ დახმარებას დაჰპირდნენ. მისივე თქმით, თბილისში 70 ბაღი გაუქმებულია და გასაყიდადაა გამზადებული.
დღესვე ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ხურჭუმალიძე თბილსის მერს გიგი უგულავას შეხვდება.
წყარო:მედიანიუსი