საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონიდან დათხოვნილმა 34-მა ჯარისკაცმა საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმართა.
როგორც „მედიანიუსს“ სახალხო დამცველის მოადგილემ სოფიო ხორგუანმა განუცხადა, მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის 34-მა ჯარისკაცმა სახალხო დამცველის აპარატში განცხადება 4 სექტემბერს შეიტანა. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ მონაწილეობდნენ. განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც ავიაცია შიდა ქართლის ტერიტორიას ბომბავდა, ჯარისკაცები გაიფანტნენ და სამხედრო ბაზას 12 აგვისტოს დაუბრუნდნენ. ბაზაზე დაბრუნებულ ჯარისკაცებს სამხედრო პოლიციამ განუცხადა, რომ ისინი განთავისუფლებული იყვნენ და მათზე დეზერტირობის მუხლის გამოძიება იყო დაწყებული. სამხედრო პოლიციამ 34 ჯარისკაცს მოწმობები და ბარათები ჩამოართვა.
სოფიო ხორგუანის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მათ, გარდა ამ განცხადებისა, სხვა არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, რომელიც ამ ჯარისკაცების გათავისუფლებას დააასტურებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის სამინისტროს 5 სექტემბერს წერილობით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატი თავდაცვის სამინისტროსგან მეოთხე ბრიგადის 44-ე ბატალიონის 34 ჯარისკაცის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებებს ითხოვს და ასევე იმ მოტივაციას, თუ რატომ გაათავისუფლეს ისინი.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიას სთხოვს, რომ მან მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ შეიარაღებული ძალებიდან რამდენი ადამიანია დათხოვნილი და რა საფუძვლით. ასევე, რამდენ ჯარისკაცზეა გამოძიება დაწყებული და რამდენზე დისციპლინური დევნა. ამ საკითხებზე პასუხის გასაცემად, თავდაცვის სამინისტროს, ორი კვირა აქვს. ამ დროისათვის სახალხო დამცველის აპარატში ასეთი ტიპის მხოლოდ ერთადერთი განცხადებაა შესული.
წყარო: მედიანუსი.