დედოფლისწყაროს რაიონის №1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რამდენიმე მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების გამო ჩაიშალა.
როგორც „მედიანიუსს“ რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლაურა მანგოშვილმა განუცხადა, დედოფლისწყაროს რაიონის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა 16 პედაგოგი, სამეურვეო საბჭოში 1 სექტემბერს შეტანილი განცხადების საფუძველზე, სამსახურიდან გაათავისუფლა.
ლაურა მანგოშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებაში პედაგოგები სამეურვეო საბჭოს სკოლაში უცხო ენის 2 პედაგოგის დამატების საჭიროების განმარტებას თხოვდნენ. მისივე თქმით, დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში უცხო ენის ცხრა პედაგოგი უკვე იყო. ამ ფაქტმა სკოლის დირექტორის მაია ლაპიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც მან 16 პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მაია ლაპიაშვილი დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექტორად ერთი წლის წინ დაინიშნა. №1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა დახმარებისთვის რაიონის გამგეობას, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას და პედაგოგთა პროფესიულ კავშირებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ამ დროისათვის სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა ორი პედაგოგი თანამდებობებზე უკვე აღადგინა.
წყარო: მედიანიუსი.