ლაგოდეხში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებას შტატების ხელოვნურად გაზრდაში და სამსახურებში არაკვალიფიციური კადრების მიღებაში ადანაშაულებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში" გვითხრეს, რვა წელიწადზე მეტია ფინანსდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შტატი და დირექცია, არადა მუზეუმი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს. "არ ეწყობა სამუზეუმო ექსპონატების გამოფენები, რადგან ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშები ბანკშია ჩაკეტილი. მუზეუმს საკუთარი შენობა არ აქვს. ამ ეტაპზე იგი შეკედლებულია ისეთ ავარიულ შენობაში, სადაც მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მუზეუმის შტატი მუდმივად იზრდება", - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მუზეუმი რომ არ ფუნქციონირებს ამას არც ლაგოდეხის გამგეობაში უარყოფენ, რაც შეეხება შტატების ხელოვნურად გაზრდას, გამგეობის კულტურის განყოფილებაში აღნიშნულს არ ადასტურებენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი