კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის სუპერ-სენსაციური მოხსენება

6 იანვარი, 2009
Presa.ge
ხათუნა გოგორიშვილი: “ჰა, აქა ხართ, სუბარის ფანები?”

დაპირებული სენსაციური ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველმა საანგარიშო მოხსენების წარდგენისას, პარლამენტის ტრიბუნიდან 30 დეკემბერს გაახმოვანა, სუპერსენსაციური აღმოჩნდა – 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მრავალათასიანი მიტინგის დარბევის გეგმა შემუშავდა და სამი დღის შემდეგ განხორციელდა, იმ ფორმით, როგორითაც არაერთმა თქვენგანმა იწვნია.

ამაზე დეტალურად ცოტა ქვემოთ გიამბობთ, რადგან ზემოთ, ქვესათაურში მერაბიშვილის მითითებების ნაწილია მოყვანილი.

30 დეკემბერს სახალხო დამცველმა 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენება წარადგინა. სანამ სუბარი 600 გვერდიანი ანგარიშის მოკლე შინაარსის კითხვას შეუდგებოდა, მანამდე დარბაზში ოცამდე პარლამენტარი იჯდა. მათ შორის ერთი ქალი – ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც კოლეგებს რამდენჯერმე მიმართა - “აქა ხართ, სუბარის ფანები?”.
პირველად ცოტა ხმადაბლა მოუვიდა, შემდეგ ტონს აუწია და თან ისე, რომ აივანზე მსხდომ ჟურნალისტებსაც კარგად გაგვეგო - “ჰა, აქა ხართ, სუბარის ფანები?”.

ხუთის 15 წუთისთვის, მაშინ, როცა სუბარი მოხსენების წარდგენას შეუდგა, პარლამენტართა რიგი უმნიშვნელოდ შესქელებული იყო და თანაც, მათ შორის უკვე 2 ქალი გახლდათ – ხათუნა გოგორიშვილი და ეკა ხერხეულიძე.

მოხსენების მოკლე შინაარსს სახალხო დამცველი ნახევარი საათი კითხულობდა. მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გარშემო განვითარებული მოვლენებით დაიწყო, 5 იანვრის და 21 მაისის არჩევნებზე განხორციელებულ ზეწოლებსა და ანგარიშწორების ფაქტებს ძალიან მოკლედ შეეხო, 2008 წლის აგვისტოშო მოკლულ და გაუჩინარებულ ადამიანებზეც ისაუბრა - აჭარაში სპეცნაზის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე, დავით ცინდელიანსა და პაატა ქარდავააზე:

- “შავაძეს სიცოცხლეშივე აღენიშნებოდა წამების კვალი, რაც დაადასტურეს ექსპერტებმა. ორი ადამიანი, იმავე აგვისტოს დღეებში უკვალოდ გაქრა. ესენი არიან დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა. განსაკუთრებით პირველთან დაკავშირებით შემიძლია დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ ეს ადამიანი პოლიციამ დააკავა, ხოლო მეორეზე მსგავსი ეჭვები არსებობს და ამის შემდეგ ეს ადამიანები უკვალოდ გაქრნენ. ის რომ შშს-მ გამოაცხადა ძებნა და საიტზე უდევს, რომ თითქოს ამ ადამიანების მოსაძებნად გათვალისწინებულია ჯილდო, ამ ვითარებაში არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ცინიზმი”.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური დევნის და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების კონკრეტულ ფაქტებზე, გვარ-სახელებით ისაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გახლდათ დავით ბაციკაძეზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება.

ამისმა გაგონებამ ეკა ხერხეულიძე ძალიან აღაშფოთა და სახალხო დამცველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა –დავით ბაციკაძე მაშინ ჩემი კოლეგა იყო, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ის არავის უცემია, სახალხო დამცველი ცრუობსო.

ისე, პოლიტიკური ანგარიშსწორების და დევნის დანარჩენ ათეულობით ფაქტზე არავის არაფერი უთქვამს, “ცნობად” მიიღეს.
იმის გასარკვევად, სუბარმა იცრუა თუ ხერხეულიძემ, Presa.ge უშუალოდ დავით ბაციკაძეს დაუკავშირდა, რომელიც კონსერვატორების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

დავით ბაციკაძე: “ჩემზე თავდასხმა მართლაც განხორციელდა, 2008 წლის 4 იანვარს, გამთნიისას. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შტაბის უფროსი, ბათუმში. 4 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე ჩვენი აქტივისტები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის დრამატული თეატრის წინ (იქვეა უმაღლესი საბჭო და ლევან ვარშალომიძის რეზიდენციაც), მეც იქ ვიყავი. უშუალოდ პატრულს პლაკატების გაკვირისას წინააღმდეგობა რომ არ გაეწია (ასეთი ფაქტებიც იყო), უცებ ქუჩაში შუქი გამოირთო და ერთი მიკროავტუბუსი და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა მოვარდა, საიდანაც 20-მდე ნიღბიანი გადმოვიდა. ხელკეტებით დაგვერივნენ. ჩემს განცხადებაზე, რომ დეპუტატი ვიყავი, მომიგეს – მაგისთვის გირტყამთო.

დარბევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სააგიტაციო მასალა წაიღეს და წავიდნენ. შუქი და პარალელურად პატრულიც მარბიელების წასვლისთანავე მოვიდა. ისე, იმ ტერიტორიაზე, ჩვენს დარბევამდე პატრული ყოველ 2 წუთში გაივლიდა ხოლმე. ერთი აქტივისტი თენგიზ ართილავა დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეს ფაქტი მაშინ მასმედიამ გააშუქა”.

მერაბიშვილის კაბინეტში 4 ნოემბერს მთავარი მარბიელების შეკრებაზე სუბარმა ნახევარსაათიანი მოხსენების ბოლოს ისაუბრა.

სოზარ სუბარი: “2007 წლის 4 ნოემბერს, კვირა დღეს, ღამის ცხრა საათზე, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში თათბირი ჩატარდა, რომელსაც ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი. ესენი იყვნენ თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომელიც იმ დროს ოფიციალურად არსად მუშაობდა. სხდომის მასპინძელმა, ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა. კერძოდ, მათ უნდა შეედგინათ მიტინგის მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა.

მომიტინგეები უნდა ეცემათ ძირითადად თირკმელებში და მუცელში. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ღიმილით დაამატა) სახეშიც შეიძლებოდა ცემა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით (ასეთი ციტატაა) მოშავო ტიპებისთვის ნაკორტიკები უნდა ჩაედოთ. ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა.

მინისტრმა ცემის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა – “აქტიური მომიტინგეები აქტიურად დაიწყებენ ბლატაობას, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსულები, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას”.

- ”ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინების ხმარებისთვის, ეს არის ზუსტი ციტირება, რაც იმ შეხვედრაზე ითქვა. ცემა პოლიტიკად გამოცხადდა, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. ეს არის მიზეზი, თუ რატომ სცემდნენ ამ ადამიანებს, როგორც შარშან, ისე 4 ნოემბრამდეც და 4 ნოემბრის შემდეგაც. ამ ფაქტიდან კარგად ჩანს ვინ არიან დამნაშავეები და ამ ცემის პოლიტიკის დამგეგმავები”.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, 9 საათზე დაწყებული თათბირის შესახებ 12-ზე უკვე იცოდა, რის გამოც 4 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

- “იმავე დღეებში ამ ფაქტის შესახებ ვუამბე რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატსა და უფლებათა დამცველს. მას შემდეგ მათ არაერთხელ უკითხავთ, თუ როდის მოხდებოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხელს უშლიდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ერთი, რომ ვისთვის უნდა მიმემართა, გამოძიებისთვის? როცა ის ადამიანები, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინათ, ხელმძღვანელობდნენ იმ უწყებებს, ვინც უნდა გამოიძიონ. ვისაც უნდა გამოეძიებინა, ისინი ახორციელებდნენ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას, ისინი დღესაც ხელისუფლების სათავეში არიან და გამოძიება დღესაც მათ ხელშია”, - განაცხადა სახალხო დამცველმა და იქვე მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა.
სოზარ სუბარი: “თუ კი ასეთი კომისია შეიქმნება, მე გადავცემ ყველა იმ მტკიცებულებას, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა და ამის შემდეგ არა მგონია რაიმე საეჭვო დარჩეს. აქ შემოდის კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, ამ თათბირის მონაწილეთა უსაფრთხოება. რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, რომ ეს ყველაფერი გავახმაურო”.

თუ ვიტყვი რომ 4 ნოემბრის თათბირის დეტალების მოსმენამ დეპუტატები აღაშფოთა, მართალი არ ვიქნები – ფაქტიურად, ეს ამბავი მათ “ცნობად” მიიღეს. ალბათ იკითხავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე გია არსენიშვილი ამ დროს რას აკეთებდაო. არაფერს ძვირფასო მკითხველო, გაშლილ გაზეთში თავი ჩარგული ჰქონდა და ზევით არ აუწევია. ხათუნა გოგორიშვილი ცინიკურად იღიმებოდა, ოღონდ ვის დასცინოდა, ვერ მივხვდით.

საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც უმრავლესობისგან ქმედებით მანამდე არ განსხვავდებოდა, სუბარს ეხვეწებოდა – ეგ მოხსენება მოგვეცი და ჩვენ გავახმაურებთო, რაზეც სახალხო დამცველისგან თანხმობა არ მიუღიათ.

სოზარ სუბარის თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნება, 4 ნოემბრის თათბირის დეტალების გახმაურებაზე თავად იზრუნებს.


ახალი ამბები