კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფომ ორი საქმე წააგო

26 იანვარი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროსასამართლოში კიდევ ორი საქმე მოიგო. ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ორი საქმიდან 18 ათასი ევროს გადახდა დაკისრა, - აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტმა მანანა კობახიძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ 2009 წლის 13 იანვარს საქართველოს წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
ეს საქმეებია:”აბდულ ჰამილ ალიევის” და გიორგი ნიკოლაიშვილის სისხლის სამართლის საქმეები. საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავდა.
“ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს აბდულ ჰამიდ ალიევის სასარგებლოდ 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ხოლო გიორგი ნიკოლაიშვილს საქართველოს სახელმწიფომ 8 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

აბდულ ჰამიდ ალიევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2002 წლის 3 მაისს დააკავეს. მაშინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მისი რუსეთში ექსტრადირება გადაწყვიტა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პატიმრობა უკანონო იყო და უნდა გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან.

ამავდროულად, ციხის ადმინისტრაციამ ალიევს ადმინისტრაციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება წაუყენა და 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
2005 წლის 6 იანვარს ალიევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ევროსასამართლომ ”აბდულ ჰამიდ ალიევის საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა ალიევის მიმართ დაარღვიეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

რაც შეეხება გიორგი ნიკოლაიშვილის სისხლის სამართლის საქმეს, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ნიკოლაიშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5-ე მუხლი(თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-8-ე მუხლი(პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება).

ევროსასამართლომ გამოიკვლია გიორგი ნიკოლაიშვილის მიმართ უკანონო პატიმრობა და საქართველოს სახელმწიფოს გიორგი ნიკოლაიშვილის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, კომპენსაციის სახით 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

გიორგი ნიკოლაიშვილი ყოფილი პარლამენტარის ვაჟის, ვახტანგ ჩიხრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ნიკოლოზ ნიკოლაიშვილის ძმაა.
როგორც მანანა კობახიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გიორგი ნიკოლაიშვილის ფოტოსურათი 2003 წლის ივლისიდან პოლიციის განყოფილებაში ძებნილთა დაფაზე ძმასთან ერთად იყო გაკრული. კობახიძის თქმით, ნიკოლაიშვილი დაფაზე ძებნილებს შორის იყო მოხსენიებული, თუმცა იგი არც ძებნილად იყო გამოცხადებული და არც სისხლის სამართალწარმოება იყო მის წინააღმდეგ დაწყებული.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი ნიკოილაიშვილმა შსს-ს განცხადებით მიმართა, სადაც მისი სურათის ჩამოხსნას ითხოვდა.

ამ ფაქტზე შს სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგადაც გიორგი ნიკოლაიშვილი ჯერ მოწმის სახით დაკითხეს ვაკის რაიონის პროკურატურაში, ხოლო შემდეგ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით.

მოგვიანებით, გიორგი ნიკოლაიშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შემდეგ, ნიკოლაიშვილი პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლდა, ხოლო 6 თვე და 25 დღე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა, რის გამოც, ნიკოლაიშვილის მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-5 მუხლი.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” ევროსასამართლოში უკვე ექვსი საქმე მოიგო. მათ შორის მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით თანხა საქართველოს სახელმწიფოს თენგიზ ასანიძის სასარგებლოდ დაეკისრა.

თენგიზ ასანიძე აჭარის ციხეში ასლან აბაშიძის მმართველობისას წლების განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.

მაშინ ევროსასამართლომ თენგიზ ასანიძის მორალური ზარალის ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფოს 150 ათასი ევრო დააკისრა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები