აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც 15 წელია ლაგოდეხში, პროფტექნიკუმის შენობის ოთხ ოთახში ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კახეთის გუბერნატორის მოადგილემ, გუშინ, საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც დევნილებმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ საცხოვრებლად ლაგოდეხში მდებარე ყოფილი სკოლა ინტერნატის ახლადრეაბილიტირებული შენობა შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ ფართს საკუთრებაში გადასცემდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამჟამინდელი საცხოვრებლიდან იძულებით გასახლებით დაემუქრნენ.
დევნილების განცხადებით, სკოლა ინტერნატის შენობაში, რომლის ნაწილშიც ამჟამად აგვისტოს მოვლენების დროს შიდა ქართლიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან შესახლებულები, ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან თავისუფალ ოთახებში წყალი ჩადის და ნესტია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი დევნილების ბრალდებებს უარყოფს. გამგებლის თქმით, მათ პროფტექნიკუმის შენობაში მცხოვრებ დევნილებს სხვაგან ცხოვრება და ფართის საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ შესთავაზეს, რაზედაც უარი მიიღეს, მუქარას კი ადგილი არ ჰქონია.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელთ არსებული ინფორმაციით, პროფტექნიკუმის შენობა უნდა გაიყიდოს და შენობის დევნილებისგან გათავისუფლებას ჩინოვნიკები ამიტომ ცდილობენ.
გელა მთივლიშვილი