როგორც ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯილდა ნიბლაძემ განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი გასულ წელს, კახეთში ოჯახური ძალადობის ფაქტები მკვეთრად გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვმა წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად იმატა.
ოფიციალური ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონულ კომიტეტს დახმარებისთვის 166-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ყველა ქალია. სტატისტიკური მონაცემებით, ოჯახური ძალადობის ყველაზე მეტი შემთხევა კახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყვარლის რაიონში დაფიქსირდა.
"რეგიონში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტია. ბევრ შემთხვევაში დაზარალებულები აღნიშნულ საკითხზე უბრალოდ ვერ საუბრობენ", - განაცხადა ჯილდა ნიბლაძემ.
გელა მთივლიშვილი,კახეთი