კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წნორის საავადმყოფოს დირექტორი ჟურნალისტს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება

3 აპრილი, 2009

შპს "ჯანმრთელობა" - წნორის საავადმყოფოს დირექტორი გოგი ნიკვაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია, ჟუნალისტ გელა მთივლიშვილს, იმ შემთხვევაში თუ ის წნორის საავადმყოფოსთან დაკავშირებით კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას არ შეწყვეტს, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.

ჟურნალისტის განცხადებით, ნიკვაშვილი მას ტელეფონით გუშინ საღამოს დაუკავშირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოსთხოვა დაეკონკრეტებინა, ვინ უკვეთავდა მასზე კრიტიკული სტატიების მომზადებას.

"ნიკვაშვილმა მანამდეც არაერთხელ შემომითვალა, რომ მასზე არაფერი არ უნდა დამეწერა, რადგან სერიოზული მფარველები ჰყავს, მათ შორის შს მინისტრთან დაახლოებული სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი და მისი პასუხისმგებლობის საკითხს არავინ დასვამდა. მე მას განვუმარტე, რომ როგორც ჟურნალისტი ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ჩემი კომპეტენცია არ იყო. ნიკვაშვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა, სადაც მე ვმუშაობ, გადაწყვიტა სამართლებრივი დახმარება გაეწია, წნორის საავადმყოფოში 2009 წლის 04 თებერვალს გარდაცვლილი 17 წლის გოდერძი ჯანყარაშვილის მშობლებისათვის, რომლებიც ექიმ გოგი ნიკვაშვილს ოპერაციის დაგვიანებით და არასწორად ჩატარებაში ადანაშაულებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრის საფუძველზე კახეთის საოლქო პროკურატურამ ექიმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ასევე აღნიშნულ საქმეზე სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერით. მომდევნო დღეებში წნორიდან კიდევ ერთმა დაზარალებულმა, სიხაშვილების ოჯახმა მოგვმართა. ისინიც გოგი ნიკვაშვილს ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, უყურადღებობის და არაპროფესიონალიზმის გამო საავადმყოფოში მაღალი წნევის დიაგნოზით მიყვანილი ახალგაზრდა სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე ვრცელი სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით. ამან ნიკვაშვილი კიდევ უფრო აღაშფოთა, რამაც მისი მხრიდან ჩემდამი მუქარაც გამოიწვია. პირდაპირ დამემუქრა, რომ თუ მე მასზე კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ჯანყარაშვილების ინტერესების დაცვას არ შეწყვეტს, ის და მისი "ბიჭები" ფიზიკურად გამისწორდებიან" - აღნიშნავს ჟურნალისტი.

წნორის საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ნიკვაშვილი არ უარყოფს, რომ ჟურნალისტს მასზე კრიტიკული მასალების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება ურჩია, თუმცა ექიმი მუქარის ფაქტს არ ადასტურებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სამართალდამცავ ორგანოებს და სახალხო დამცველის აპარატს სასწრაფო რეაგირებისაკენ მოუწოდებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები