კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ცემის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

16 აპრილი, 2009

2009 წლის 9 აპრილიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონიტორინგს. ამ პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს მოქალაქეებმა, რომლებიც უცხო პირების მხრიდან მათ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე მიუთითებდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ყველა ფაქტს, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
*  *  *
10 აპრილი
ოლეგ სიმონიანი და ვოვა სტეფანოვი

10 აპრილს დაახლოებით 21 საათზე სპორტის აკადემიის სტუდენტები იმყოფებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიემართებოდნენ თავისუფლების მოედნისკენ. ოლეგ სიმონიანს და ვოვა სტეფანოვს გზა გადაუჭრა “BMW” -ს მარკის ჯიპმა X-5, სერიით GMZ - 111. ავტომანქანიდან გადმოვიდა 6 პიროვნება, რომლებმაც ხელკეტებით მიაყენეს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს დროშა.

2009 წლის 15 აპრილი
თემურ და შალვა რადიანები

2009 წლის 15 აპრილს თემურ რადიანი ვაჟ შალვა რადიანთან და მეგობრებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. დაახლოებით დილის სამ საათზე მათ დატოვეს აქცია და წავიდნენ სახლისკენ. თემურ რადიანმა და მისმა თანმხლებმა პირებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  შენიშნეს ჯიპის მარკის ორი ავტომანქანა. ერთი - თეთრი, მეორე - შავი. თემურ რადიანი და მისი მეგობრები ავიდნენ შიო მღვიმის ქუჩაზე. მათ წინ ოთხი ავტომანქანა გადაუდგათ - 3 შავი ჯიპი და ერთი თეთრი მსუბუქი ავტომანქანა. თემურ და შალვა რადიანები გაიქცნენ ვარაზის ხევის მიმართულებით. მათ მანქანებიდან გადმოსული დაახლოებით 10 - 15 კაცი გამოეკიდათ. როგორც თემურ რადიანი აცხადებს, მათ სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და რეზინის ხელკეტები ეჭირათ. თემურ რადიანი და მისი ვაჟი  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მდებარე ,,ჯეოსელის“ ოფისის წინ გაჩერდნენ. მათ წინ გაჩერდა თეთრი ავტომანქანა რომელიც მათ შიო მღვიმის ქუჩაზე ნახეს. ავტომანქანიდან გადმოხტა 4 - 5 ნიღბიანი და ხელკეტიანი მამაკაცი, რომლებიც თემურ და შალვა რადიანებს და მათ თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ და დაიწყეს მათი ცემა. წააქციეს შალვა რადიანი, წაართვეს მას მობილური ტელეფონი. წააქციეს ასევე  თემურ რადიანიც. მათმა მეგობრებმა კი თავს გაქცევით უშველეს. ამის შემდეგ თავდამსხმელები ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ. როგორც შალვა და თემურ რადიანები აცხადებენ შემთხვევის ადგილთან ახლოს იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ აღნიშნულ ფაქტზე. შალვა და თემურ რადიანებმა დახმარება ითხოვეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, მათ განუცხადეს, რომ არც რაცია და არც მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ და ვერ დაეხმარებოდნენ. თემურ რადიანი იძულებული გახდა საპატრულო პოლიცია კუთვნილი მობილური ტელეფონით გამოეძახა.  შემთხვევის ადგილზე, გამოძახებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟი მივიდა, თუმცა დახმარებაზე მათაც უარი განაცხადეს. თემურ და შალვა რადიანები მეგობრებმა წაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ჰამლეტ გულორდავა

2009 წლის 14 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ჰამლეტ გულორდავას. მისი განმარტებით, იგი მ.ჩ-სა და გ.ს - სთან ერთად  ამა წლის 14 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათისათვის იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.  23:15 წუთზე გადაწყვიტეს სახლში დაბრუნება. ,,ავლაბრის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, არმაზის ქუჩაზე მათ შენიშნეს, 3 ავტომანქანა. 2 „ჯიპის“ ტიპის და 1 „მერსედესის“ მარკის. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული  მამაკაცი. მას დაარტყეს, წაიქცა და  დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სცემდნენ.

ზურაბ მანჯავიძის საქმე

2009 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს ახსნა-განმარტება მისცა იოსებ მანჯავიძემ.

მისი განმარტებით, იგი ძმებთან - ოთარ და ზურა მანჯავიძეებთან ერთად 2009 წლის 15 აპრილს იმყოფებოდა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშვიდობიან აქციაზე. დაახლოებით დილის 4 საათზე, ისინი მეგობრის მანქანით მივიდნენ შევჩენკოს ქუჩაზე, სადაც ზურაბ მანჯავიძის კუთვნილი  მანქანა იყო გაჩერებული. როდესაც ისინი  ზურაბ მანჯავიძის ავტომანქანაში ჩასხდნენ, მათ წინ მერსედესის მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა  გადაუდგა, ხოლო უკნიდან ფოლცვაგენის მარკის მუქი ფერის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით VNX 937 ან 972 მიუახლოვდათ. ავტომანქანებიდან ნიღბიანი და ხელკეტებით შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ. დაახლოებით 8 ან 9 კაცი. მათ ხელკეტით შეამტვრიეს მანქანის წინა შუშა, გააღეს კარები და ცდილობდნენ ზურა მანჯავიძის მანქანიდან გადაყვანას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მანქანაში მსხდომებმა თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა. თავდასხმა გაგრძელდა დაახლოებით 3-5 წუთი, რის შემდეგაც თავდამსხმელები ჩასხდნენ მანქანებში და მიიმალნენ. ფოლცვაგენის მარკის ავტომობილმა მაღალი სიჩქარით რუსთაველის პროსპექტის გავლით გმირთა მოედნისკენ გაემართა.

დაზარალებულების განმარტებით ზურა მანჯავიძემ მიმართა საპატრულო პოლიციას, რომელმაც მანქანაზე დევნის განხორციელების  ნაცვლად, ახსნა-განმარტება ჩამოართვა მათ, რითიც საშუალება მისცა დამნაშავეებს მიმალულიყვნენ.

ვახტანგ  ლაღიძე

2009 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მოქალაქე ვახტანგ ლაღიძეს.

მისი განმარტებით, 14 აპრილს დაახლოებით 23:10 წთ-ზე იგი ბრუნდებოდა სახლში საკუთარი ავტომანქანით „ტოიოტა ლენდ კრუიზერით“.  ჭავჭავაძის გამზირზე, I ჩიხში მას გზა გადაუჭრა ნაცრისფერმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანამ, იმავდროულად უკნიდან გაჩერდნენ ავტომანქანები საიდანაც დაახლოებით 12 პიროვნება გადმოვიდა. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ვახტანგ ლაღიძეს და წაართვეს ავტომანქანა.

აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ უნდა დაეფიქსირებინა საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობასთან დამონტაჟებულ ვიდეოკამერას. ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონიდან თანხმობის მიღების შემდეგ აღნიშნულ მასალას გადასცემენ საქართველოს სახალხო დამცველს.

სახალხო დამცველის აპარატი

ახალი ამბები