უკიდურესი შეშფოთებას გამოვხატავ იმ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 11 მაისს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კერძოდ მან თქვა: „დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, მე შევთავაზე რადიკალურ ჯგუფებს მორატორიუმი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი ყველა სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე.“
კატეგორიულად ვაცხადებ, არც ერთ მოქალაქეს და, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტი უნდა იყოს, არა აქვს უფლება თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან შეთანხმებით თუ გარიგებით მორატორიუმი გამოაცხადოს კანონის აღსრულებაზე. ეს არის კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციური ქმედება და ქვეყნის პირველი პირისგან მომდინარე ამგვარი მორატორიუმები დამახასიათებელია მხოლოდ ავტორიტარული ქვეყნებისთვის, სადაც აღიარებულია, რომ კანონი თავად ეს პირველი პირია.
საქართველოში არსებული მწვავე პრობლემების უპირველესი სათავე სწორედ ისაა, რომ კანონი არ კანონობს, არის შერჩევითი სამართალი და ხელისუფლება კანონის აღსრულებაზე მაშინ აცხადებს მორატორიუმს, როცა ეს საჭიროდ მიაჩნია. სწორედ ამიტომ ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა მოქალაქეთა ცემა და წამება, მათი საკუთრების ხელყოფა, დაშინება და ა.შ.
სწორედ ამ დანაშაულებრივი მორატორიუმის მსხვერპლი გახდა ადამიანის უფლებები საქართველოში. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ხელისუფლება უკანონო მორატორიუმებს კი არ უნდა აცხადებდეს, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ვინც არღვევდა ადამიანის უფლებებს და ამეტებდა უფლებამოსილებას. დამნაშავეთა დაუსჯელობა იქნება ნათელი გზავნილი, რომ საქართველოში კვლავ არ იქნება კანონის უზენაესობა, კვლავ იარსებებს შერჩევითი სამართალი და ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ იქნება წახალისებული
სახალხო დამცველის აპარატი