ამ წუთებში, რუსთავში, საკუთარ სახლში აკავებენ სპორტსმენებს – ამირან და ტარიელ ბიწაძეებს, სადაც მე თვითონ გავემგზავრები და არ მივცემ მათ ამის უფლებას, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების დაკავების უფლებას არ მისცემენ.
“არაფერი ამ ხალხს არ დაუშავებია. მოგმართავ, ვანო მერაბიშვილო, თავი გაანებე იმ ხალხს, წავალთ რუსთავში, კარგი ბიჭები ხართ და წაიყვანეთ, თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი დაგვიმტკიცეთ და ჩვენ თვითონ მოვიყვანთ. არ გაგატანთ უდანაშაულო ადამიანებს, დავიცავთ მათ. თუ ბიჭები ხართ, მოდით და წაიყვანეთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და რუსთაველის გამზირიდან ქალაქ რუსთავისკენ გაემგზავრა.
მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის მოწოდების პასუხი იყო მერაბიშვილის მიერ გამოგზავნილი ზონდერ-ჯგუფები, რომლებმაც დღეს ფურცელაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სცემეს.
“კონცერტისათვის ვემზადებოდით, აქ ბავშვები არიან შეკრებილი და არავინ ასეთ ქმედებას არ აპირებდა. სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას. რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით მალე დამთავრდება ეს ხელისუფლება. მერაბიშვილმა ჩაატარა თათბირი, რომ ცემა-ტყეპა განახლდეს. ჩვენ დავიცავთ თავს. თუ საჭირო იქნება, შევქმნით სტრუქტურებს, რომლებიც ამათ მიერ დაგდებულ ხელისუფლებას ღირსეულად გაუძღვება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.