„9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი წუხელ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელმა ნანა კაკაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, გოგიჩაიშვილის ბრალად სდებენ ირაკლი ბათიაშვილის შვილის, ირინა ბათიაშვილის დაბადების დღის შემდეგ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობას. ირინა ბათიაშვილის დაბადების დღიდან წამოსულ ახალგაზრდებს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.
ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, გოგიჩაიშვილი ამჟამად ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავთ, სადაც ის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებიდან გადაიყვანეს. დაკავებულის ინტერესებს იცავს ადვოკატი ნათია კორკოტაძე, რომელიც დაკავებულს დღეს უნდა შეხვდეს.
„9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის“ წარმომადგენლის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით გოგიჩაიშვილი სახლიდან აიყვანეს.
წყარო „ინტერპრესნიუსი“