კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ახალი კანონი ძალაში 18 აგვისტოდან შევა

18 აგვისტო, 2009

შეკრებებისა და მანიფესტაციების განახლებული წესები, მანიფესტაციების დაშლისას პოლიციელების მიერ არალეტალური იარაღის გამოყენება და 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეიდან საბოლოოდ დაკანონდება.

პარლამენტის მიერ საკმაო ხმაურის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეში“ 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, ძალაში კი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს – 18 აგვისტოს უნდა შევიდეს.

ცვლილებებით იკრძალება შენობების ბლოკირება, ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა. ქუჩების სხვადასხვა კონსტრუქციებით თუ სატრანსპორტო საშუალებებით გადაკეტვა, ქუჩის გადაკეტვა კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ აქციაზე ამისთვის საჭირო რაოდენობის ადამიანები შეიკრიბებიან.

ამას გარდა, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებასთან ბრძოლის მიზნით, პოლიციელს უფლება ეძლევა გამოიყენოს არალეტალური იარაღი, მათ შორის არალეტალური ჭურვიც.

ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ, კანონში ჩაიწერა, რომ არალეტალური იარაღის გამოყენების წესი და პირობები განსაზღვრული იქნება. შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნება უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ კოდექსს, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობები ერთთვიანის ნაცვლად, უკვე 18 აგვისტოს შემდეგ ჩადენილ რიგ დანაშაულებებზე გავრცელდება. კერძოდ, სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

ასევე, 90-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება ალტერნატიული სასჯელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა. ასევე, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საერთო სასამართლოში ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე, კანონით განსაზღვრული იმ ორგანოებიდან ოცი მეტრის რადიუსში, სადაც მანიფესტაციის ჩატარება აკრძალულია, მანიფესტაციების დროს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვისთვის და ა.შ.

ამას გარდა, სამთვიანი პატიმრობით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვის განმეორებითი შემთხვევა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს დარღვევებისთვის. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება, რომელსაც საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, ასევე სამთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ამავე კანონით, შესაძლებელი ხდება ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრება.

ხელისუფლების მტკიცებით, კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს და მასში ცვლილებები კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე აუცილებლად უნდა შევიდეს. საპარლამენტო ოპოზიცია კი ითხოვდა, რომ კანონი მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ დაემტკიცებინათ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები