კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის მერია რიყის რეაბილიტაციის გასაიდუმლოებულ პროექტს რამდენიმე დღეში გამოამზეურებს

4 დეკემბერი, 2009

რიყის რეაბილიტაციის დღემდე გასაიდუმლოებული პროექტის პრეზენტაციას დედაქალაქის მერია რამდენიმე დღეში გამართავს.პროექტის შინაარსს დედაქალაქის მთავრობაში არც დღეს ახმაურებენ, თუმცა „პირველის“ ინფორმაციით, იგეგმება რიყის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გადაქცევა და კულტურული ცენტრის მოწყობა, ასევე - მდინარე მტკვარზე შუშის საფეხმავლო ხიდის გაკეთება. ეს ხიდი რიყეს მარჯვენა სანაპიროსთან დააკავშირებს.

რიყეზე მიმდინარე მშენებლობის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. სარემონტო სამუშაოები რკინის მესერითაა შემოფარგლული და გარედან აბრაა გაკეთებული წარწერით: „მე მიყვარს თბილისი“, რომელიც ზოგადად ქალაქში მიმდინარე მშენებლობების პრეზენტაციაა. კანონის თანახმად კი, აბრაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები და სხვა კონკრეტული ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული. ეს მოთხოვნა სრულიად უგულებელყოფილია. გაურკვეველია, ვინ არის სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი ან შემსრულებელი. ოფიციალურად მხოლოდ ის დასტურდება, რომ ეს რიყის რეაბილიტაციის პროექტია.

ხმაურის ატეხვის შემდეგ, 4 დეკემბერს შუშის ხიდის ამსახველი აბრაც გამოიკრა. საყურადღებოა, რომ მსგავსი პროექტი დედაქალაქის 2009 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გაწერილი არ ყოფილა. მოგვიანებით იგი ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაისვა. თუმცა, უცნობია, სამუშაოების რა ნაწილს დააფინანსებს თბილისის მერია.

„პირველის“ ინფორმაციით, გასართობი ცენტრი რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე კოდუების მორიგ ბიზნეს-პროექტს წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მათვე ეკუთვნით კაზინო „საქართველო“, მაღაზიების ქსელი თბილისის პრესტიჟულ უბნებში, ავიაკომპანია „Sky Georgia“, „ლილო სითი“, ასევე ყოფილი „პირიმზე“ და სხვა ობიექტები.

რიყეზე მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით 4 დეკემბერს აქციას გამართავს სამოქალაქო მოძრაობა „რატომ?“ როგორც „პირველს“ მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მერაბ ჭიქაშვილმა განუცხადა, მას მიმდინარე მშენებლობის ამსახველი რამდენიმე მაკეტი ჩაუვარდა ხელში, რომელსაც ხვალინდელ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებენ.

ჭიქაშვილის თქმით, მშენებლობა კანონის ყველა პუნქტის დარღვევით მიმდინარეობს და პროექტის გამოქვეყნება მშენებლობის დაწყების შემდეგ დანაშაულია. ამასთან, აღნიშნული მშენებლობის შედეგად თბილისის ისტორიული ნაწილი დამახინჯდება, ვინაიდან შუშის ხიდი მეტეხის მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურულ ანსამბლში ვერ ჩაჯდება.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები