კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები დედოფლისწყაროს ადმინისტრაციას შევიწროვებაში ადანაშაულებენ

8 დეკემბერი, 2009

ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის“ კორესპონდენტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელ პირებს შევიწროვებაში ადანაშაულებენ. კორესპონდენტების თქმით, რაიონში მუშაობა შეუძლებელი გახდა, რადგან სხვადასხვა ტიპის ზეწოლების გარდა, ჩინოვნიკები ჟურნალისტებზე პირდაპირ საცემად იწევენ.  გაზეთის რედაქციის ცნობით, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რამდენიმე კორესპონდენტმა გაზეთი დატოვა.

„საჯარო ინფორმაციას რომ არ გვაძლევენ, ამაზე აღარაფერს ვიტყვით. ჟურნალისტებს კუდ-ის თანამშრომლები გვითვალთვალებენ - სადაც წავალთ, თან დაგვყვებიან და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევენ. დედოფლისწყაროს მერი, ლევან ნატროშვილი ჩვენს ერთ-ერთ ჟურნალისტს პირდაპირ დაემუქრა, რომ სცემდა, თუკი მასზე კრიტიკული ინფორმაციების გავრცელებას თავს არ დაანებებდა. ჟურნალისტის ოჯახის წევრებს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. კომენტარებს საერთოდ არ გვაძლევენ. საჯაროდ დაგვცინიან და შეურაცხყოფას გვაყენებენ“, - აცხადებენ „ქიზიყის“ კორესპონდენტები. 

ჟურნალისტების ბრალდებებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ანა ბენაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს. თუმცა, ადასტურებს, რომ „ქიზიყის“ კორესპონდენტების მუშაობის სტილი გამგეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბენაშვილის თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გამო არ აძლევენ ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციას და კომენტარებს. 

„ის ფორმა, რა ფორმითაც ეგენი წერენ, გამგეობის არც ერთ თანამშრომელს არ მოსწონს. ისეთ რაღაცეებს წერენ, გული გაგისკდება. როცა მასალას აკეთებენ, თავისებურ ინტერპრეტაციებს აძლევენ. წერენ, რომ გამგეობაში გაუნათლებელი ხალხი მუშაობს. თუ ახალგაზრდას საქმესთან არ მიიყვან, ის ვერასოდეს გამოცხვება. მაგათ არავინ დევნის. უბრალოდ, არ იქცევიან კარგად. ჩვენ, ყველა ნორმალურ ადამიანთან შეგვიძლია თანამშრომლობა“, - განაცხადა ანა ბენაშვილმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის კოორდინატორის გელა მთივლიშვილის შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კონკრეტული ჟურნალისტის წერის სტილი მართლაც მიუღებელია. თუმცა, საჯარო მოხელეებს არა აქვთ უფლება, ჟურნალისტს, როგორი სტილითაც არ უნდა წერდეს ის, საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრან და მის მიმართ ზეწოლა განახორციელონ.

„დედოფლისწყარო არ არის გურჯაანი, სადაც რამდენიმე საინფორმაციო საშუალება მუშაობს. დედოფლისწყაროს ხელისუფლება კრიტიკულ პუბლიკაციებს მიუჩვეველია და ბევრს არაერთხელ უთქვამს, რომ რაც რაიონში ხდება, რაიონის გარეთ არ უნდა გავიდეს. ეს არის პროვინციალიზმი. საჯარო მოხელეებს კანონი თმენის ვალდებულებას აკისრებთ და მათი მხრიდან ჟურნალისტის მუშაობაში ჩარევის ნებისმიერი ქმედება დაუშვებელია“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.


კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები