კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბასილ კობახიძე: „მარხვით და რელიგიით სპეკულაცია, საერთოდ, დამახასიათებელია „ნასედკა“ და ჯამბაზი გია გაჩეჩილაძისთვის“

10 დეკემბერი, 2009
ყოფილი დეკანოზის, ბასილ კობახიძის განცხადებით, „ტელეკომპანია „მაესტროს“ მესვეურებმა რელიგიაზე აპელირებით იაფფასიანი ტრიუკი ჩაატარეს“. კობახიძე პიროვნულ შეურაცხყოფად აფასებს იმ ფაქტს, რომ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) ის გადაცემა „საკანი #5“-ში მიიწვია, გადაცემის ეთერში გასვლამდე კი განუცხადეს, რომ მასთან საუბრის კურთხევა გაჩეჩილაძეს მისმა მოძღვარმა არ მისცა, რის გამოც სტუმრობა ჩაიშალა.

„გაუგებარია, ვინ უმტვრევდა გაჩეჩილაძეს „საკნის“ კარებს?! მე მიწვევას არავის ვთხოვ ხოლმე, მაგრამ თუ მიწვევენ, ყოველთვის ვთანხმდები, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამა თუ იმ გადაცემისა და მისი ავტორისადმი. ამ შემთხვევაშიც „საკნის“ პროდიუსერი მაგდა დამიკავშირდა და მთხოვა, 7 დეკემბერს გადაცემის სტუმარი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ისევ დამირეკა და განმიმარტა, რომ გია გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მარხვის პერიოდში ჩემთან საუბრის კურთხევა არ მისცა. თვითონ გაჩეჩილაძემ ჩემთან დალაპარაკება არც ისურვა. ამ ფაქტს აღვიქვამ, როგორც პიროვნულ შეურაცხყოფას. თითქოს მოსიარულე ცოდვა ვარ, რომელთანაც საუბარი არ შეიძლება. მაინტერესებს, გაჩეჩილაძემ ყველა სტუმრის მიწვევაზე და პოლიციაზე თავდასხმაზეც თუ აიღო მოძღვრისგან კურთხევა?!“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ის დაუკავშირდა გია გაჩეჩილაძის მოძღვარს - დეკანოზ ალექსანდრე გალდავას, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია. ამ უკანასკნელმა უარყო, რომ მის სულიერ შვილს კობახიძესთან საუბრის ნება არ დართო.

„მამა ალექსანდრეს გია გაჩეჩილაძისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. ეს იყო იაფფასიანი ტრიუკი - მარხვით და რელიგიით სპეკულაცია, რაც საერთოდ დამახასიათებელია „ნასედკა“ და ჯამბაზი გაჩეჩილაძისთვის. ვფიქრობ, ეს გადაცემის წამყვანის, ეროსი კიწმარიშვილისა და მამუკა ღლონტის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომლითაც როგორც თვითონ გადაცემა, ისე მოძღვარი მამა ალექსანდრეც შეარცხვინეს“, - დასძინა კობახიძემ.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით კი, მოძღვარმა კობახიძესთან საუბრის კურთხევა არ მისცა, რის შემდეგაც მან გადაცემა „საკანი #5“-ის შობის მარხვის დასრულებამდე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ბასილ კობახიძის გადაცემაში მოწვევა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომელიც საკუთარ მოძღვართან საუბრის შემდეგ შეცვალა.

გადაცემის ავტორის თქმით, ის კობახიძეს მარხვის დასრულების შემდეგ მიიწვევს. თუმცა, ყოფილი დეკანოზი მასთან სტუმრობას აღარ აპირებს.


ინციდენტთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელები კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც მამუკა ღლონტმა განაცხადა, „გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერაფერს დაამატებს“. ეროსი კიწმარიშვილის თქმით კი, იგი უკვე ერთი კვირაა, საქართველოში არ იმყოფება და ბასილ კობახიძის „საკანში“ სტუმრობაზეც ინფორმაცია არ გააჩნია.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები