კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების ხელმძღვანელები ევროსაბჭოს საკონონმდებლო ინიციატივებს მხარს არ უჭერენ

25 იანვარი, 2010

საქართველოს საპატრიარქო და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე წლის 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად „სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის“ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი, რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს, როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას. შეუძლებელია, ევროპა, რომელიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც სექსუალური გადახრებია. ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არა მარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს. ბუნებრივია, ისმის კითხვა: თუკი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, მაშ რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?! იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება, მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს - არა აქვს მნიშვნელობა, რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ვთვლით, მივმართავთ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო მას არ შეუერთდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს წარმომადგენელი მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ახუნდი ალი ალიევი აწერენ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები