საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სთავაზობს, ნატოს ძალებმა ქვეყნის ტერიტორია ავღანელი „თალიბების“ წინააღმდეგ დარტყმისთვის გამოიყენოს. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდებს საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენების უფლება მისცეს, აეროდრომები კი, ნატოს სამხედრო თვითმფრინავებმა საწვავით შევსებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის გამოიყენონ.
საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი იდეის რეალიზება არ გამოიწვევს მოსკოვის გაღიზიანებას, რადგან რუსეთი თვითონ არის დაინტერესებული ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებაში.
პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ში იციან საქართველოს პირველი პირის შეთავაზების შესახებ, თუმცა ეს შეთავაზება დეტალურად არ შეუსწავლიათ.
„ინტერპრესნიუსი“