პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები განიხილა. ჯგუფის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მაჟორიტარობის კანდიდატის ბეზო ყიზილაშვილის მიერ მე-12 კლასელებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტს დაუთმეს.
„ზემო ალვანში სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო ყიზილაშვილი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მე-12 კლასელებს დაემუქრა, რომ თუ ისინი ხმას მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, ჯარში გაიწვევს. ეს ფაქტი შემაშფოთებელია. დაუშვებელია, ბავშვებს თავიდანვე შეუქმნან განცდა, რომ მათი საარჩევნო უფლებები ირღვევა და რომ ჯარში სამსახური მმართველი პარტიის ნებაზეა დამოკიდებული. ყიზილაშვილი დასაჭერია“, - განაცხადა ჩახვაძემ.
აღნიშნულ ფაქტზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია 5 მაისს გაავრცელა. ყიზილაშვილის მხრიდან მე-12 კლასელებზე ზეწოლის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის რამდენიმე მოსწავლემაც დაუდასტურა. თავად ყიზილაშვილი კი საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსწავლეებზე ზეწოლას არ ადასტურებს. „ჩემთან ერთად გადაამოწმეთ ეგ ამბავი და არც ერთი მოსწავლე მაგას არ იტყვის. ჩემს გარეშე რას გეუბნებიან, არ მაინტერესებს“, - აღნიშნა ყიზილაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი