კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა ზეწოლის გამო საგარეჯოს საარჩევნო ოლქი ვადაზე ადრე დატოვეს

30 მაისი, 2010
საღამოს 19:15 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაწყვიტა, გამოიწვიოს ყველა დამკვირვებელი საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქიდან. ამ ინფორმაციას ავრცელებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი, რომელიც პირადად იმყოფებოდა აღნიშნულ ოლქში და სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალი დარღვევა დააფიქსირა. მისი თქმით, საღამოს საათებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებსა და საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.

„ჩვენს დამკვირვებლებს საშუალებას არ აძლევდნენ დაეწერათ საჩივრები. ხოლო უკვე დაწერილ საჩივრებს რეგისტრაციაში არ ატარებდნენ. ერთ-ერთი საჩივრის დარეგისტრირებას ორი საათი მოვუნდით და ბოლოს როგორც იქნა, მიიღეს. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანზე სულ 15-მდე საჩივარი შევიტანეთ, მაშინ როცა, ამაზე ბევრად მეტი დარღვევა გვქონდა დაფიქსირებული. ვაპირებთ ხვალ საოლქო-საარჩევნო კომისიას მივმართოთ საჩივრით და დანარჩენი დარღვევების დარეგისტირებაც მოვთხოვოთ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
მისივე ინფორმაციით, დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კომისიების წევრები ემუქრებოდნენ: „აი, ცოტა ხანში ნახეთ თქვენ, რა მოგივათ“. ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გაემწვავებინათ ურთიერთობა და დამკვირვებლები თბილისში დაბრუნდნენ. დარღვევები დაფიქსირებულია ვიდეო და ფოტოკამერებით, რასაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აუცილებლად მიაწვდის საზოგადოებას.

საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები არცევნების მიმდინარეობას ძირითადად ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში აკვირდებოდნენ. დაფიქსირებულ დარღვევებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს და სთხოვა რეაგირება.

ცენტრის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად არსად არ ჰქონდათ ქსეროქსის აპარატები, რის გამოც დამკვირვებლები გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. მხოლოდ საღამოს მოიტანეს რამდენიმეგან ქსეროქსის აპარატები. ბევრგან გამოიყენეს ე. წ. კარუსელები - ამომრჩევლები მიკროავტობუსებით ჯგუფ-ჯგუფად  მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე. ამ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეები ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ შედიოდნენ უბნებში და ყუთში ყრიდნენ ბიულეტენებს.

ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ამბები