კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილ უფროსს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება

21 ივნისი, 2010
სასჯელაღსრულების ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილ უფროსს და ბაჩო ახალაიას დაცვის ყოფილ თანამშრომელს , 33 წლის ჯუმბერ ზაქარაძეს 30-წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც ზაქარაძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, პატიმრებისაგან ფულის გამოძალვაში ბრალდებულ ზაქარაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 9 ივლისს გასდის, რის შემდეგაც საქმე სასამართლოში არსებითი განხილვისათვის გადაიგზავნება.

ჩოფიკაშვილის განმარტებით, ზაქარაძესთან ერთად, გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან მისი მოადგილეები - შველიძე და ვაშაკიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, ზაქარაძის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულებაა თაღლითობაში მსჯავრდებულის, ყოფილი პოლიციელის, თემურ ტაკიძის ჩვენება. ტაკიძე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ პატიმრებში შეგროვებული ფული ციხის უფროსთან მიჰქონდა.

„2008 წლიდან ტაკიძე ნაცნობ პატიმრებთან მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ ციხის უფროსის დავალებით ფული უნდა მიეტანათ. ასე აგროვებდა ფულს პატიმრებში. ზაქარაძე 2009 წლის გაზაფხულზე პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა თანამდებობიდან. ტაკიძემ ფულის აგროვება გააგრძელა. პატიმრებმა მოიკითხეს, თუ სად მიჰქონდა ფული, მან კი ზაქარაძეს დაადო ხელი. ზაქარაძე მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს და ერთადერთი მტკიცებულებაც ტაკიძის ჩვენებაა“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ზაქარაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის დროს, ბაჩო ახალაიას დაცვის თანამშრომელი იყო. ზაქარაძე და მისი მოადგილეები 2010 წლის 9 აპრილს ბათუმში დააკავეს. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. საქმეში დაზარალებული 10-ზე მეტი პატიმარია.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, „პატიმარი ზაზა დუმბაძე – გამოსძალეს 6000 აშშ დოლარი; პატიმარი და ყოფილი ბიზნესმენი ანზორ ქათამაძე – გამოსძალეს 4000 აშშ დოლარი; პატიმარი ალიკ დავითაძე – 10 000 აშშ დოლარი; პატიმარი ზურაბ ბერიძე – 15000 აშშ დოლარი; პატიმარი გენადი ხინიკაძე – 10 000 აშშ დოლარი; პატიმარი, ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი დირექტორი ჯონი ზოიძე – გამოსძალეს 20 ათასი აშშ დოლარი, მის ბიზნესპარტნიორ ილია ანანიძესთან ერთად. საერთო ჯამში, თანხა 100 000 აშშ დოლარს აჭარბებს, თუმცა აქ მხოლოდ თანხაზე არ ყოფილა საუბარი. მაგალითად, გამოძიება ამტკიცებს, რომ საპყრობილის დირექტორმა, პატიმარ თემურ ტაკაძის მეშვეობით, ენვერ ჭაღალაძის ოჯახს გამოსძალა 10მ/კბ ხის მასალა, რომელიც ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში ჯუმბერ ზაქარაძის სიმამრის ოჯახში უნდა მიეტანათ, ასევე, ხრეშით უნდა მორთულიყო მისი მეუღლის სახლთან მისასვლელი გზა. გამოძალვის გზით მიღებულ ქონებას შორისაა ნოუთბუქი, ოქროს სამკაულები და 6 ხბო“.

გამოძალვაში ბრალდებულ ზაქარაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს. გამოძიება 9 ივლისს დასრულდება.

ბრალდების მიხედვით, გასამრჯელოს პატიმრებისგან საპყრობილეში ყოფნის პირობების გაუმჯობესებისა და შეუზღუდავი გადაადგილების სანაცვლოდ იღებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექნებოდათ გაუსაძლისი პირობები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები