სიღნაღის ბიბლიოთეკის კუთვნილი 40 000-მდე წიგნი სკოლის სარდაფში დალპა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა არაერთი დაპირების მიუხედავად, ქალაქში ბიბლიოთეკისათვის საჭირო შენობა არ გამოძებნა და არც იმაზე იზრუნა, რომ წიგნები დროებით მაინც სხვაგან გადაეტანათ.
სიღნაღში ბიბლიოთეკა 2007 წლის მარტიდან აღარ ფუნქციონირებს. ქალაქის რეაბილიტაციის დროს, ბიბლიოთეკის შენობა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კომპანია „კოკა-კოლა“-ზე გაასხვისა და იქ სასტუმრო განთავსდა.
სიღნაღის რაიონის ცენტრალური ბიბლიოთეკის კუთვნილი 70-ათასამდე წიგნი 1200-მდე ტომარაში მოათავსეს და პირველი საჯარო სკოლის სარდაფში ჩაყარეს. 2009 წლის გაზაფხულზე, ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლების აქტიურობის შედეგად, გამგეობის წარმომადგენლებმა 30 000 წიგნი სარდაფიდან გაიტანეს, დანარჩენი 40 000 წიგნი კი ნესტიან სარდაფში დალპა.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან, მთელი წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვაზე იხარჯება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი