კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასწრაფო რეაგირებას ითხოვს

19 მაისი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ამომრჩევლებზე ზეწოლისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დევნის გამო.  ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, არ მისცეს ოპოზიციურ პარტიებს საშუალება  სრულფასოვნად ჩაატარონ წინასაარჩევნო სამუშაოები და  არჩევნებს მომზადებულები შეხვდნენ. ყოველდღიურად ფიქსირდება აქტივისტების დაშინების, დაპატიმრების, მუქარის ფაქტები.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სასწრაფო რეაგირება მოახდინონ წინასაარჩევნო ტერორის ფაქტებზე, რომელთა ნაწილიც  ქვემოთაა მოცემული:

პოლიციამ "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი დააკავა

2008 წლის 9 მაისს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა. ქ. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრი და გაერთიანებული ოპოზიციიდან თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის მხარდამჭერი, მიხეილ კაჭკაჭიშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ჩიხრაძესთან ერთად ამომრჩევლებთან შესახვედრად მიდიოდა.

სამართალდამცავებმა კაჭკაჭიშვილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. ავტომანქანას, რომლითაც მიხეილ კაჭკაჭიშვილი მოძრაობდა მისი მეუღლე, ნინო პეტრიაშვილი მართავდა. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით, მიხეილ კაჭკაჭიშვილი დააჯარიმეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულეს

"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებზე და სტუდენტებზე ზეწოლას ახდენენ. მუქარებისა და იძულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება უკვე დაწერა რამდენიმე მასწავლებელმა, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძემ - სამართალმცოდნეობის სპეციალობის კოორდინატორმა და საჯარო სამართლის მიმართულების ლექტორმა, ასევე ნელი ცქიტიშვილმა - რექტორის აპარატისა უფროსმა და ასოცირებულმა პროფესორმა.

ორივე მათგანი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია. ისინი განსაკუთრებულ ზეწოლას მას შემდეგ განიცდიდნენ, რაც სხვა ლექტორებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს და მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ფიქრია ჩიხრაძეს შეხვდნენ. არჩილ ჯორჯაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი პაპუნაშვილი მას კრიმინალებისა და სამართალდამცავების მეშვეობით, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და დაპატიმრებითაც დაემუქრა. გარდა ამისა, თუ ის თვითონ არ დაწერდა უნივერსიტეტიდან წასვლის თაობაზე განცხადებას, სამართალმცოდნეობის სპეციალობას საერთოდ გააუმქებდნენ და მასთან ერთად სხვა პედაგოგებიც სამუშაოს გარეშე დარჩებოდნენ.

ოპოზიციის მხარდამჭერ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გარიცხვით დაემუქრნენ

ზეწოლა ხორციელდება თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებზეც. სამართამცოდნეობის სპეციალობის სტუდენტის ია მეტრეველის ცნობით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფარნა მაყაშვილი, იმედა კევლიშვილი და სხვები ოპოზიციის მხარდამჭერ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გარიცხვით დაემუქრნენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ადგილობრივი ტელევიზიები ეთერს არ უთმობენ

რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მერაბ ქათამაძეს, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ახმეტის რაიონში მოქმედი ტელეკომპანიები "ახმეტა" და "კახეთი" ეთერს არ უთმობენ.

საკაბელო ტელეკომპანიამ "კახეთი", შეკვეთის ხანგრძლივობის მიუხედავად, მორბენალ სტრიქონში ქათამაძის მხარდამჭერი ტექსტი მხოლოდ ორ დღეს გაუშვა, მესამე დღეს კი მოხსნა. ამ დრომდე ტექნიკის დაზიანების მოტივით, მორბენალი სტრიქონი საერთოდ გათიშულია. რესპუბლიკელების დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებს არ აშუქებს ტელეკომპანია "ახმეტა". ტელევიზიის დირექტორის ფატი თურქიაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია გამგეობის დაფუძნებულია და გამგებლის ნებართვის გარეშე ვერაფერს გააშუქებენ. არაოფიციალურ საუბარში თურქიაშვილმა ისიც განაცხადა, რომ გამგებელი მას ქათამაძის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უფლებას არ აძლევს. ტელეკომპანია ატიურად აშუქებს მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას.

შს მინისტრის მოადგილის ძმა და "კუდ"- ის კახეთის სამმართველოს უფროსი რესპუბლიკელების მხარდამჭერებს აშინებს

4 მაისს საღამოს ახმეტის რაიონულ ცენტრში "ნაციონალური მოძრაობიდან~"მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პეტრე ცისკარაშვილის მხარდასაჭერად კონცერტი ჩატარდა. იმავე დღეს "რესპუბლიკელი" მერაბ ქათამაძის შტაბის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ოფიციალური სააგიტაციო მასალის დარიგება რომ დაამთავრეს და სახლში ბრუნდებოდნენ, მათ "ნაცმოძრაობის" შტაბის ერთ-ერთი წევრი თენგიზ ექვთიმიშვილი წამოეწიათ და ახალგაზრდა გოგონას, გვარად ბერძენიშვილს უთხრა: "ახლა მე შენთან გამომგზავნეს და დამავალეს, მეთქვა, რომ თუ არ ჩამოშორდები მერაბ ქათამაძის საარჩევნო შტაბს, მამაშენს დაიჭერენო".

2 მაისს ზურა ნაროზაულს (რომლის ოჯახში "რესპუბლიკელი" მერაბ ქათამაძე სტუმრობდა) დაურეკა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც ამავე დროს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ძმაა და განუცხადა, რომ ქათამაძეს აღარ შეხვედროდა. იმავე დღეს ლორთქიფანიძემ ქათამაძის შტაბის წევრი ბესარიონ მაყიშვილი დაიბარა და ისევ მოსთხოვა, რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბს ჩამოცილებულიყო. მან იქვე მიანიშნა, რომ თუ მაყიშვილი არ დაეთანხმება მის მოთხოვნას, მას სამსახურიდან გათავისუფლებენ. მაყიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის" ახმეტის ოფისში მძღოლად მუშაობს.

ახმეტის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ოპოზიციიის აქტივისტებს დაემუქრნენ

რესპუბლიკური პარტიიდან ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქათამაძის შტაბის წევრი თემურ კვირიკაშვილი, ამავე რაიონის პოლიციის უფროსმა ზურაბ ფილაშვილმა დაიბარა და შტაბის დატოვება მოსთხოვა. სანაცვლოდ, შვილის პოლიციის სასწავლებელში მოწყობას და დასაქმებას დაჰპირდა.

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში მერაბ ქათამაძის საარჩევნო შტაბის აგიტატორებთან - დედა და და-ძმა მოსიაშვილებთან მივიდა ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილე მალხაზ ხუბეჯაშვილი და უთხრა, რომ თუ ისინი მერაბ ქათამაძესთან ურთიერთობას არ შეწყვეტენ, გამკაცრდება მათი უახლოესი ნათესავის - ზურა მოსიაშვილის პირობითი სასჯელი და მას ისევ დააპატიმრებენ.

სიღნაღის პოლიციამ რესპუბლიკური პარტიიდან საარჩევნო კომისიის წევრი დააკავა და ეჭვმიტანილად ცნო

რესპუბლიკური პარტიის წევრი და ამავე პარტიიდან სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ ხატიაშვილი, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ხატიაშვილის ადვოკატის, თენგიზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ის სიღნაღის რაიონის გამგეობის სპორტის სამსახურების გაერთიანების უფროსის თამილა ძმანაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა. ძმანაშვილი ამავე სამსახურის ყოფილ თანამშრომელს შეურაცხყოფისთვის უჩივის. როგორც ის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ბესიკ ხატიაშვილი მისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას ითხოვდა, რა დროსაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ოფიციალური მონაცემებით, ხატიაშვილი სპორტის სამსახურში კრივის სექციას ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან ის 2008 წლის 5 აპრილს გაათავისუფლეს. ხატიაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი რესპუბლიკური პარტიის წევრობა გახდა. შრომის კანონთა კოდექსით, მას სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოში დავის დაწყების უფლება 7 მაისამდე ჰქონდა.

"ამიტომ, 5 მაისს თამილა ძმანაშვილს სამსახურში მივაკითხე და ვთხოვე ბრძანება მოეცა, რაზედაც უარი მივიღე. ამის შემდეგ უკვე კატეგორიულად მოვითხოვე დოკუმენტის მიღება, რაზედაც ისევ იუარეს. ძმანაშვილს ვუთხარი, რომ კანონს არღვევდა და პასუხს მოვთხოვდი. ამაზე დამცინეს, რის შემდეგაც ოფისი დავტოვე. ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ძმანაშვილმა სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, რომ თითქოს მე მას შეურაცხყოფა მივაყენე, ვაგინე და ა.შ, რაც თანამშრომლებმაც დაუმოწმეს. სამართალდამცავებმა დამაკავეს, დამკითხეს და სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილად მცნეს", - აღნიშნავს ბესიკ ხატიაშვილი.

რესპუბლიკური პარტიიდან სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა", პოლიციის მეშვეობით მის მხარდამჭერებს ატერორებს. "ბოდბისხევი ერთ-ერთი რთული უბანია სიღნაღის საარჩევნო ოლქში. როგორც ჩანს, ბესიკ ხატიაშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ვერც გადაიბირეს და ვერც მოისყიდეს. ამიტომ ასეთი მეთოდებით გაუსწორდნენ. ერთი თვის განმავლობაში მაინც მას ეჭვმიტანილის სტატუსი ექნება, რაც მმართველ პარტიას, მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებას აძლევს. სხვა შემთხვევაში მას ბრალდებულად ცნობენ და დაიჭერენ", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლის I ნაწილით არის აღძრული. დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიღნაღში, რეგიონული გაზეთის მთელი ტირაჟი ამოიღეს

"ნაციონალური მოძრაობიდან" სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით, სიღნაღის რაიონში, კახეთის რეგიონული გაზეთის "იმედის" 1 მაისის გამოცემის მთელი ტირაჟი ამოიღეს.

როგორც გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, მათ დაუკავშირდნენ სიღნაღიდან და აცნობეს, რომ საგაზეთო ჯიხურებში გაზეთები არ იყო. აღმოჩნდა, რომ 1 მაისს დილით, მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მთელი ტირაჟი შეუძენიათ და გაუნადგურებიათ.

გაზეთები გაყიდვიდან ამოიღეს გაზეთ "იმედის" დისტრიბუციის ქსელიდანაც.
1 მაისის "იმედში" გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც საუბარი იყო ნუგზარ აბულაშვილის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე.

უშიშროების სამმართველოს თანამშრომელი საარჩევნო კომისიის წევრს დაემუქრა

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" გაერთიანებული ოპოზიციის სიღნაღის საარჩევნო შტაბიდან აცნობეს, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები და ასევე ადგილობრივი საკრებულოს წევრები, საუბნო - საარჩევნო კომისიებში მათ წევრებზე ზეწოლას განაგრძობენ.

მათი თქმით, სიღნაღის საარჩევნო ოლქის ანაგის #3 საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრს ნინელი ლომაშვილს, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელია, სახლში პოლიციის თანამშრომლები მიუცვივდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ კომისიის წევრობაზე უარს არ იტყვის, მისი ოჯახის წევრებს დაიჭერენ. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, დაშინებაში უშიშროების კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ციციშვილიც მონაწილეობდა.

გარდა ამისა, კომისიების ოპოზიციონერი წევრების მეზობლებს შეუთვალეს, რომ ხელისუფლებას მათთვის არჩევნებამდე სასმელი წყლის, ასევე გაზიფიცირების და სხვა პრობლემების მოგვარება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კონკრეტული პირების სიჯიუტის გამო, არაფერი გაკეთდება. ამ მიზეზით, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პედაგოგებს, ოპოზიციური პარტიებიდან დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს

საჯარო სკოლების პედაგოგებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, ასეთი დავალება სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო რესურს - ცენტრისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახელით მისცეს. ამასთან ერთად, მასწავლებლები დაავალდებულეს, სურვილისა და მიზეზების მიუხედავად, ყველა მათგანი დაესწროს სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექტორი ამ დავალებას ვერ შეასრულებს, მას პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.

ახალციხეში გაერთიანებული ოპოზოციის ოფისი დაარბიეს

გაერთიანებული ოპოზოციის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისში 16 მაისს, დილით მისულ პარტიის წევრებს ფანჯარა ჩამსხვრეული, კედელზე გაკრული პლაკატები კი ახეული დახვდათ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ახალციხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალიკო ბალიაშვილი აცხადებს,  ოფისიდან მთლიანად წაღებულია ბუკლეტები, სააგატიციო მასალა და ამომრჩეველთა სიები. 

შემთხვევა სოფელ მეტეხში

კასპის რაიონის სოფელ მეტეხის მამასახლისი ჯემალ პატარქალიშვილი იმავე სოფელში მცხოვრებ თემქაძეების ოჯახის წევრებს სახლში მიუვარდა. პატარქალიშვილმა გინებითა და ფიზიკური შეურაცყოფის მცდელობით აიძულა ისინი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერაზე უარი ეთქვათ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კასპის მაჟორიტარი კანდიდატი ხათუნა თათანაშვილი ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან" საუბარში აღნიშნავს, მამასახლისი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრებს, დედას - მაია თემქაძეს და შვილებს ლანა, ნათია და ეკა თემქაძეებს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა. უფრო მეტიც სოფლის მამასახლისი აპირებდა მათ მანქანით დაჯახებოდა.

დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლასა და არათანაბარ პირობებზე საუბრობს  

რესპუბლიკური პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე არჩევნებამდე 16 დღით ადრე ზეწოლაზე საუბრობს.

,,საუბნო კომისიის წევრებს სხვადასხვა ინსტანციებში იბარებენ,  ვიცი ვინც იბარებს. თუ არ შეწყდება ზეწოლა, აუცილებალად დავასახელებ მათ გვარებს და კიდევ სხვა საშუალებებსაც მივმართავ.  გარდა ამისა, დაბლოკილია მანქანები. მძღოლებმა მითხრეს, რომ გაფრთხილებულები არიან. ადგილობრივი ტელევიზიაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისაა, მხოლოდ მას აშუქებს ”, - ამბობს გოგოლაძე.

ქუთაისელი „რესპუბლიკელები“ ზეწოლაზე საუბრობენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში, თავმჯდომარის ვლადიმერ ნაკაშიძის სახელზე დაწერილი განცხადებები, მისსავე მაგიდაზე 8 მაისს, დილიდან გაჩნდა. საუბნო საარჩევნო კომისიის „რესპუბლიკელი“ წევრები განცხადებაში თანამდებობიდან წასვლის შესახებ აუწყებენ.

„კომისიის წევრებზე ზეწოლის და დაშინების ფაქტები დღითიდღე ხშირდება. ისინი მოდიან და პირდაპირ წერენ განცხადებას გათავისუფლების შესახებ. როცა ვკითხულობ, რა არის მიზეზი, მეუბნებიან, რომ მათზე სერიოზული ზეწოლა მიდის, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთა, ისე პოლიციის მხრიდან. მე მართლა შემეცოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც ცრემლმორეული წერდნენ განცხადებებს გათავისუფლების თაობაზე. ისინი იმდენად შეშინებული ჰყავთ, რომ დეტალებს არ ახმიანებენ“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ნაკაშიძე.

მისი განმარტებით: „კომისიის ერთ-ერთ წევრთან ლეილა მახარობლიძესთან მივიდა უბნის რწმუნებული და ჰკითხა, რა იყო მისი „რესპუბლიკელებში“ ყოფნის მიზეზი. ამის შემდეგ ურჩია, დაეტოვებინა ოპოზიციური პარტია. მისცა საკუთარი მობილურის ნომერი და უთხრა დაერეკა მისთვის. მეორე დილით პოლიცია მივიდა მასთან სახლში და გამოუცხადეს, რომ დაიკარგა „LG“-ის მარკის ტელევიზორი, თურმე რომელიც მისმა შვილმა მოიპარა. შევიდნენ და ოჯახში  აღმოაჩინეს არა „LG“-ის, არამედ  „SONY“ -ის მარკის ტელევიზორი. თუმცა მახარობლიძის შვილი მაინც დააკავეს. ტელევიზორი დრემდე არ დაუბრუნებიათ. დაკავებული კი, იმ პირობით გამოუშვეს, რომ  აწი მაინც დედამისი „ჭკვიანად მოიქცეს.“
 
„რესპუბლიკელთა“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კომისიის წევრებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე  ჩააყენეს საქმის კურსში და ალბათ, ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

ახალი ამბები