კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციათა საგანგებო პრესკონფერენცია

18 დეკემბერი, 2008
16 დეკემბერი, 2008 წელი

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა დღეს გავმართეთ საგანგებო პრესკონფერენცია 15 დეკემბრის შემაშფოთებელი სიუჟეტის გამო – ქ-ნი ლირა ცხოვრებოვას ,,შპიონურ საქმიანობასთან” დაკავშირებით, რომელიც ერთდროულად, ერთი და იმავე ფორმატით გუშინ  საქართველოს ყველა ტელე-არხით გავიდა.
 
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინდელი სიუჟეტი პირდაპირი მცდელობაა, ამცნონ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს, რომ სახალხო დიპლომატიის მიმართულება თურმე უკვე დისკრედიტირებულია და მასში ჩართული ადამიანები კი აგენტები და შპიონები არიან.

ჩვენ გუშინდელი სატელევიზიო სიუჟეტი და ინფორმაცია ჩვენი კოლეგის ლირა ცხოვრებოვას შპიონაჟთან დაკავშირებით მივიჩნიეთ, როგორც პირდაპირი გაფრთხილება, რომ უმჯობესია, არც კი ვიფიქროთ სამომავლო სამშვიდობო ბილიკებზე სახალხო დიპლომატიის ფორმატში, რადგან თურმე უკვე არსებობს წინაპირობა, რომ ამ გზაზე მტრის სახელი დაგვარქვან!!!

ჩვენ, ამ რიგში მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, წლების მანძილზე ვიყავით პარტნიორები და ერთობლივ პროექტებში თუ პროგრამებში ვახორციელებდით საქმიანობას ქალბატონ ლირა ცხოვრებოვას ორგანიზაციასთან.

ქ-ნი ლირა ცხოვრებოვა და მისი ორგანიზაცია ბოლო წლების მანძილზე მუდმივად იყო ისეთი დიდი ორგანიზაციების პარტნიორი, როგორებიც არიან გაერო, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები, მშვიდობისა და სამშვიდობო დიალოგის, ნდობის აღდგენის მიმართულებით.  ჩვენი საერთო მიდგომა სწორედ სამშვიდობო გზების ძიება და სამშვიდობო ინიციატივები იყო, რომ ერთად დაგვეძლია დიდი ტკივილი და ტრაგედია, რაც შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, ომმა მოგვიტანა.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და ვიცით, რომ დიალოგი – ის ერთადერთი არხია, რომელიც მშვიდობამდე მიდის. იქ, სადაც დიალოგი აღარ არსებობს – იარაღის ჩხარუნი და ცეცხლი დაისადგურებს!

ვწუხვართ, რომ ჩვენს თვალწინ მერამდენედ მოხდა პოლიტიკური დიალოგისათვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანი სახალხო რესურსების იგნორირება - ეს დამატებითი ინდიკატორია პოლიტიკური დიპლომატიის კვალიფიკაციისა და პრობლემისაც.

2008 წ. აგვისტოს ომმა დაასამარა არა მარტო ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქენი, არამედ პოლიტიკური დიპლომატიაც, რომელიც იმდენად უსუსური ყოფილა, რომ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა!

გუშინდელმა სატელევიზიო სიუჟეტმა ჩვენ დაგვანახა ის საშიში ტენდენცია, რომ პოლიტიკური დიპლომატიის დასამარების შემდეგ ახლა უკვე სახალხო დიპლომატია უნდა გამოიყვანონ დისკრიდიტირებულად და ეს არხი წარმოაჩინონ საშიშროებად.

დღეს არსებული ტენდენციის გამო - დააშინონ საზოგადოება და დაინერგოს  საყოველთაო უნდობლობა - ვერ გადავთქვავთ ჩვენს ღირებულებას, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა მეგობრობა, ჩვენ გვინდა კეთილმეზობლობა, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, ჩვენ გვინდა განვითარება და ბოლოს, ჩვენ კვლავ მოვემსახურებით დემოკრატიული  ღირებულებების დამკვიდრებას საქართველოში.
 
,,აგენტებად” და ,,მოღალატეებად’’ მონათვლის შიშით ჩვენ ვერ შევაჩერებთ ჭეშმარიტად ჰუმანურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი საქმის კეთებას!

დღესვე ვსაუბრობთ ერთ პრინციპზე: აგენტებს ეძებთ სახალხო დიპლომატიაში?

აგერ ვართ, აგენტები, მოგვაკითხეთ:

ხელმოწერები:

ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელი;
არნოლდ სტეპანიანი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო“;
ზაქარია ქუცნაშვილი, კანონი ხალხისათვის;
ნანა კაკაბაძე, ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის;
მიხეილ მირზიაშვილი
მარინა ფაღავა, დაეხმარე საკუთარ თავს;
ალექსანდრე რუსეცკი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა, საქართველოს კომიტეტი;
არინა თავაქარაშვილი, ქსელი ,,საქართველო’;
ირინა ფუტკარაძე, ჯანმრთელი სამყარო;
უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი;
მანანა კობახიძე, კონსტიტუციის მუხლი 42;
ლელა გაფრინდაშვილი, ქალთა ინიციატივა თანასწორობისათვის;
ელენე რუსეცკი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
ირაკლი სესიაშვილი, ასოციაცია სამართალი და თავისუფლება
ალექსი შოშიკელაშვილი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი
მანანა მებუკე, ინვალიდ მეომართა, და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი
მარინა თაბუკაშვილი, ფონდი ტასო
ლამარა შაყულაშვილი, შიდა ქართლის კომიტეტი ანტი ძალადობის ქსელი საქართველოში
გუგული მაღრაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი მოძრაობა
 
ხელმოწერები გრძელდება...

ახალი ამბები