კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვა ევროპის საბჭოს

21 ივნისი, 2010
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს
ბატონ მევლუტ კავაზოღლუს
ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს
ბატონ თორბიორნ ჯაგლანდს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიონერს
ბატონ თომას ჰამარბერგს
ევროკომისიის პრეზიდენტს
ბატონ ხოსე მანუელ ბაროსოს
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს
ბატონ იერზი ბუზეკს
21.06.2010

ღრმად პატივცემულო ბატონებო,

2007 წელს საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის სასტიკმა დარბევამ და შემდგომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ განხორციელებულმა სპეცოპერაციამ, გარკვეულწილად შეცვალა ევროპელ ხელისუფალთა მიერ საქართველოს მთავრობის აღქმა.

პოლიტიკურად მოტივირებული დევნის პრობლემა საქართველოში წლების მანძილზე წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის განხილვის საგანს. თუმცა, დღემდე ვერავინ შეძლო აღნიშნული საკითხის ევროპულ დონეზე ეფექტური ლობირება. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) გასულ წლებშიც იუწყებოდნენ საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში სიტუაციის გაუარესების შესახებ.(1)

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2009 წელს FIDH-მა და HRIDC-მ განახორციელეს ერთობლივი კვლევა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებათა დადასტურება, ან უარყოფა წარმოადგენდა. 50 გვერდიან კვლევაში, 8 საქმის შესწავლის შემდეგ, FIDH-მა და HRIDC-მ ქვეყანაში პოლიტპატიმართა არსებობა აღიარეს.(2)

ამგვარი პატიმრების ზუსტი რაოდენობის დადგენა კვლავაც საერთაშორისო შესწავლის საგანს წარმოადგენს.(3)  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხის შესწავლისას სხვადასხვა ციფრებს წარმოადგენდნენ, თუმცა ჩვენი მონაცემებით, 2010 წლის მაისისათვის პატიმართა რიცხვი, საშუალოდ, 50-60-ს უტოლდება.

2010 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ესტუმრა. ვიზიტის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტპატიმართა შესახებ ევროსაბჭოს მომხსენებლის მანდატის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრები ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართა. განხილვის შედეგად, კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკითხის შესწავლისა და ინიციატივის განხილვის სურვილი, იმ შემთხვევაში თუ ადამიანის უფლებათა ცენტრის, ან სხვა დაინტერესებული მხარის მიერ მოხდებოდა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით,

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ადამიანის უფლებათა სახლი და ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) მოუწოდებენ
ევროპის საბჭოს
 

•    დაავალოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს, შეისწავლოს სავარაუდო პოლიტპატიმართა საქმეები და წარმოადგინოს მოსაზრება აღნიშნულ საქმეებზე, შესაძლოა, თუ არა ევროპის საბჭოს მიერ მიღებული კრიტერიუმების შესაბამისად, მოცემულ პირთა პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნევა.

•    უზრუნველყოს, რომ მოცემულ ჯგუფს მიეცეს სავარაუდო პოლიტპატიმრების გარკვეულ ნაწილთან, მათ ადვოკატებთან, ნათესავებთან, სახელმწიფო თანამდებობის პირებთან, ასევე სამთავრობათაშორისო და ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შესაძლებლობა და მანდატი.

•    უზრუნველყოს, რომ 2010 წლის ბოლომდე პოლიტპატიმართა საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დანიშნული მომხსენებელი ეწვიოს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანას.
ევროკავშირს:

•    მხარი დაუჭიროს საქართველოში ევროპის საბჭოს პოლიტპატიმართა საკითხის შემსწავლელი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას.

•    განახორციელოს მართლმსაჯულების მონიტორინგი სავარაუდო პოლიტპატიმართა საქმეებზე და ყველა პოლიტიკურად მნიშვნელოვან სასამართლო პროცესზე. მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატების, სავარაუდო პოლიტპატიმართა ოჯახის წევრების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

•    გაუზიაროს საქართველოში სავარაუდო პოლიტპატიმართა შესახებ ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია და გამოცდილება ევროპის საბჭოს ექსპერტებს.
--------------------------------
(1)  FIDH -სა და HRIDC -ის ერთობლივი განცხადება იხილეთ ბმულზე http://www.fidh.org/Human-Rights-violations-in-Georgia
(2)  FIDH -სა და HRIDC -ის დასკვნა იხილეთ ბმულზე http://www.fidh.org/After-the-rose-the-thorns-Political-prisoners-in
(3)  პოლიტპატიმრების რაოდენობის დადგენა არ წარმოადგენდა კვლევის მიზანს. ის კონცენტრირებული იყო მხოლოდ აღნიშნული ფენომენის არსებობის დადასტურებზე, ან უარყოფაზე.



ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
ფონდი - ადამიანის უფლებათა სახლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), საქართველო

ახალი ამბები