კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოდორის ხეობას ემზარ კვიციანის დისშვილი პატრონობს

27 ივლისი, 2010

მარი ოთარაშვილი, თბილისი-ჭუბერი-თბილისი

„კოდორის ხეობას წყალი მაშინ შეუდგა, როცა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო“, – სინანულით ამბობენ დალის ხეობის მკვიდრნი. ოკუპაციამდე ამ ტერიტორიას ხელისუფლებამ ზემო აფხაზეთი უწოდა. ადგილობრივი სვანები უფრო სწორ ტერმინად დალის ხეობას მიიჩნევენ. მეორენაირი სახელწოდება - კოდორი კი უბრალოდ, მდინარე კოდორს უკავშირდება, რომელიც დალის ხეობაში მოედინება.
  
კოდორში ამ დროისთვის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები იქ მიწისქვეშა ნაგებობებსაც კი აშენებენ. დე ფაქტო სასაზღვრო ადგილებში აფხაზები საერთოდ არ დგანან. ისინი კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდებიან ხოლმე. ყველა გზა და გადმოსასვლელი რუსებს და კაზაკებს აქვთ გამაგრებული. ჭუბერში კოდორიდან 3 გზა გადმოდის და სამივე მათ უკავიათ. კოდორიდან გადმოსასვლელი უღელტეხილიდან ჭუბერამდე 50 კილომეტრია.

„სწორედ აქ არის ის „აბრეშუმის გზა“, რითაც აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ კოდორელები საომარი მოქმედებების ზონიდან გამოგვიყვანა. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ეს გზა ომამდე იმისთვის გააკეთა, რომ აგვისტოს მერე აქეთ წამოვეყვანეთ“, – ირონიით ამბობენ ჭუბერში გადმოსახლებული კოდორელი სვანები.

„ადგილობრივებს კოდორში არავინ ავიწროებს. პირიქით, ეხმარებიან კიდეც. ერთმა  მოხუცმა კაცმა მომიყვა: ზამთარში შეშა არ მქონდაო და ეს რუსებმა რომ გაიგეს, მთელი მანქანა შეშა მომიტანესო. კოდორელებს კოდორში დაბრუნება უნდათ, მაგრამ ვისაც შვილები ჰყავს, განსაკუთრებით - გოგონები, ვერ რისკავენ. კოდორში შესულ აფხაზებ რუსები ავიწროებენ“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ჭუბერის ერთ-ერთი მკვიდრი.       

„იქ წასვლა, ანუ კოდორში დაბრუნება არანაირი პრობლემა არ არის. მით უმეტეს, თუ „წითელი პასპორტი“ გაქვს. მეგრელები ზუგდიდან სულ დადიან და თანაც - თავისუფლად. აქეთ კი ყველას ხიჭვად ვხვდებით თვალში დევნილები. ან სულ გარეთ გვტოვებენ, ან ფუტკრის სკებში გვასახლებენ“, - ამბობენ ჭუბერში გადმოსული დევნილები.

ჭუბერი ამჟამად კოდორიდან წამოსულ 210 დევნილ ოჯახს იფარებს. როგორც თავად დევნილებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ამას კი ისიც დაემატა, რომ დევნილის სულადი კომპენსაცია - 28 ლარი გაუქმდა.

„კოდორიდან აქ წამოსული დევნილიდან ზოგი აგვისტოს ომამდელი დევნილია, ზოგიც – ახალი. სწორედ დღეს გავიგე, რომ კოდორელებს სულზე 28-ლარიანი დახმარება აღარ გვექნება. მართალია, 28 ლარი დიდი არაფერია, მაგრამ ესეც რომ არ გვექნება, რა გვეშველება?! ბოლოს და ბოლოს, თუ არ უნდათ ჩვენი აქ ყოფნა, ისევ კოდორში დაბრუნდებით“, – გვითხრა დევნილმა მარინა გერლიანმა.

ჭუბერიდან კოდორში გადაადგილება თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეიძლება. კოდორელების გარკვეული ნაწილი თავიანთ საცხოვრებელში დაბრუნდა კიდეც და ცხოვრობას აგრძელებს. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებისგან სხვადასხვა ტიპის შეღავათებითაც სარგებლობენ.

ჭუბერში მცხოვრები კოდორლები ამბობენ, რომ კოდორის ხეობააში რუსეთმა დე ფაქტო გუბერნატორად ზაზა გურჩიანი დანიშნა. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალურად. ფაქტობრივად კი მთელ ხეობას ემზარ კვიციანის დისშვილი - ბაჩუკი არღვლიანი მართავს.

„ხეობას მთლიანად ბაჩუკი განაგებს. იქაური სვანების სახლებს პატრონობს, რომ ვინმე არ შევიდეს და არ შესახლდეს, ან რამე არ წაიღოს. ძირითადად მის ხელშია გზა-გადაადგილებების საშუალებებიც. მთავარია, ბაჩუკისთან მოხვდე და მერე ნურაფრის გეშიანია: ის მოგხედავს ყველანაირად. თვითონ ემზარ კვიციანი კი სოხუმშია“, – ამბობენ ჭუბერლები.

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოღალატედ გამოცხადებული ემზარ კვიციანი ჭუბერშიც და მით უმეტეს კოდორშიც კარგად ახსოვთ; ახსოვთ მის მიერ გაკეთებული საქმეები. თუმცა, შეკითხვაზე თვლიან თუ არა მას მართლაც მოღალატედ, პირში წყალს იგუბებენ და ჩუმდებიან. როგორც ჩანს, მათ ამაზე არც „ჰოს“ თქმა უნდათ და არც „არასი“. საერთოდაც ჭუბერლები აზრს ხმამაღლა იშვიათად თუ აფიქსირებენ. თავშეკავება განსაკუთრებულად შეინიშნება მაშინ, როცა საუბარი ემზარ კვიციანს ან მის დისშვილს ეხება. ამის არგუმენტიც აქვთ: „ვერ ნახეთ, რა დამართეს იმათ, ვისაც ემზართან ან ბაჩუკისთან მცირეოდენი კავშირი ჰქონდათ?!..“ ერთს კი აუცილებლად შენიშნავენ: „კოდორი 2008 წლის ომამდე სწორედ ემზარ კვიციანმა მოიტანა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ 90-იანი წლებში კოდორი გადარჩა. მერე რაც მოხდა, ეს უკვე სააკაშვილს უნდა მოჰკითხოთ“.
     
სვანები ბაჩუკი არღვლიანს დადებით პიროვნებად ახასიათებენ: „ზაზა გურჩიანი ბაჩუკის რჩევით აფხაზებმა დანიშნეს გუბერნატორად. ყველამ იცის, რომ ბაჩუკი „შავი სამყაროს“ წარმომადგენელია და ამიტომაც გუბერნატორად ვერ იმუშავებს. ამიტომაც გურჩიანი თანამდებობაზე ისე ჰყავთ, ფორმალურად. როგორც ადამიანი, ბაჩუკი არღვლიანი ძალიან კარგი პიროვნებაა. კოდორში მცხოვრებლებს ყველას ეხმარება“.

ხელისუფლებისგან უყურადღებობის გამო კოდორელ დევნილებში დიდი იმედგაცრუება და ირონიაა გაბატონებული: „ადრე, აგვისტოს ომამდე, კოდორი იყო აფხაზეთ-საქართველოს გამყოფი ზოლი და წითელი ხაზი. ახლა ეს ჭუბერზე, მესტიის რაიონზე გადმოვიდა. ახლა მესტიაზე ზრუნავენ და ალამაზებენ. როგორც ჩანს, მოაწყობენ და მერე ამასაც ჩააბარებენ რუსებს“.

ახალი ამბები