კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი კაკაბაძისა და უჩა ნანუაშვილის სპეციალური პრესკონფერენცია საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის გააქტიურების შესახებ

28 ივლისი, 2010

29 ივლისს 14:00 საათზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი სპეციალურ პრესკონფერენციას მიუძღვნიან ბოლო დროს საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის აქტიურ გამოვლინებებს.

საერთაშორისო საზოგადოებამ, მეგობარი სახელმწიფოების მეთაურებმა და გავლენიანმა ადამიანებმა არაერთგზის გამოხატეს პოზიცია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ერთადერთი გზით არის შესაძლებელი - ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებით და ეკონომიკის აღმავლობით. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს მილიტარისტულ კამპანიას, რომელიც დროდადრო სხვადასხვა გაუგებარი ინიციატივებით ვლინდება. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა 21 ივლისს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით, პარტიზანულად მიღებული ცვლილებები კანონში „სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ“.

კანონის ახალი რედაქციით, სამხედრო სარეზერვო სამსახურში სავალდებულო გაწვევას 40 წლამდე პირები დაექვემდებარებიან წელიწადში რამდენჯერმე, თუმცა წლიურად მათი შეკრების ვადა 45 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. მანამდე არსებული სისტემით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ მოქმედებდა, სარეზერვო ძალებში სამსახური ითვალისწინებდა 18-დღიან სავალდებულო მოსამზადებელ კურსს წელიწადში ერთხელ 27 წლიდან 40 წლამდე მამაკაცებისთვის.

ამ ცვლილებებით პარლამენტმა, ფაქტობრივად, დააკანონა გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული მილიტარისტული მოწოდებები. კერძოდ, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე: „ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს, რომელიც ემუქრება საქართველოს საზღვრებს და შემოსულია საქართველოს შიგნით, ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორია“.

სააკაშვილის თქმით, თუ საჭირო გახდება „ქუდზე კაცი და ქუდზე ქალი“ უნდა გამოვიდეს: „ჩვენს მდგომარეობაში მყოფი, თითოეული ქართველი კაცი და ქალი  უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად“... „უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად“.  „ჩვენ ერთი რამე ვისწავლეთ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს... როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში - 100, 200, 300 ათასი კაცი და თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი უნდა დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს, და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს. ახლა სულ მცირე რამე რჩება - საკმარისი რაოდენობის მომზადებული ხალხი“.

ამ მილიტარისტული განცხადებების პარალელურად, თავდაცვის სამინისტროს სატელევიზიო არხ „საქართველოზე“ სისტემატიურად გადიოდა სარეკლამო რგოლი სამხედრო-სარეზერვო სამსახურის შესახებ, სადაც დადებით კონტექსტში, როგორც დიდი ავტორიტეტის ციტატა, გამოყენებული იყო ფაშიზმის მამამთავრის, ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამი: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით“.

მილიტარისტული გამონათქვამების პარალელურად ბოლო დროს პრეზიდენტ სააკაშვილის არაკორექტულ განცხადებებში რაზისმის ნიშნებიც შეინიშნება. კერძოდ, 27 ივლისს, მაღალჩინოსან მებაჟეებთან საუბრისას, საბაჟოზე ჩანთების გახსნის მავნე ტრადიციების განხილვის დროს, სააკაშვილმა იკითხა: „ჩვენ ზანგები ვართ თუ რატომ ვიქცევით ველურებივით, ამიხსენით?“

ხელისუფლებიდან წახალისებული რასიზმი და ქსენოფობია საზოგადოებაშიც ფართოდ იკიდებს ფეხს. მედიაში არც თუ იშვიათად ქვეყნდება აფრიკელების, ჩინელების, ინდოელების შეურაცხმყოფელი და ფობიური გამონათქვამები. უფრო შორს წავიდა „თავისუფლების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე, ლევან რამიშვილი, რომელიც სხვადასხვა მაღალჩინოსანი პერსონების მეგობარია და მის პოზიციას დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. მის პირად ინტერნეტ-გვერდზე დღესაც გამოქვეყნებულია და საზოგადოებისთვის ხელმისწავდომია აშშ-ის პრეზინდეტ ბარაქ ობამას შეურაცხმყოფელი კარიკატურები, რომელთაგან ზოგიერთი შეიცავს რასისტული შინაარსის მინიშნებებს.

სამწუხაროა, რომ ფაშიზმის, რასიზმის, ქსენოფობიისა და მილიტარიზმის წახალისება ხდება იმ დროს, როცა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის გაერთიანებას ევროკავშირსა და ნატოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები