კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად ქორიძე: „გაზეთებს არა ხელისუფლება, არამედ საზოგადოება უნდა ხურავდეს“

28 ივლისი, 2010

ხელისუფლება, შესაძლოა, გაზეთების დახურვისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ „ალიასა“ და „ასავალ-დასავალთან“ დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ გაზეთებს არა ხელისუფლება, არამედ საზოგადოების პოზიცია უნდა ხურავდეს.

„თუ გაზეთი საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი არ არის, ისინი თავად საზოგადოებამ და მკითხველის არარსებობამ უნდა დახუროს და არა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას პრეზიდენტმა ქართულ გაზეთებზე საუბრისას არასწორი აქცენტები დასვა. ქორიძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული გაზეთები ქსენოფობიური გამონათქვამებით იყვნენ ცნობილნი, მაგრამ ეს არა პრეზიდენტის და მთავრობის, არამედ საზოგადოების განსჯის საგანი უნდა იყოს.

„ამ საკითხებზე ჟურნალისტურ თავყრილობებზე საკმაოდ ღიად ვსაუბრობთ, მაგრამ ცუდია, რომ პრეზიდენტი ამგვარ აქცენტებს აკეთებს და ამ გაზეთებს ძველი დროების მახასიათებლად მოიხსენიებს. გაზეთების ყველაზე დიდი საზომი თავად მკითხველია და სწორედ მკითხველი არ უნდა იღებდეს გაზეთებს, რომელთაც ქსენოფობია ახასიათებს. ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტისა და მთავრობის განხილვის საგანი, ისინი ამ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროში გამოსვლისას გაზეთები „ალია“ და „ასავალ-დასავალი“ „ათასგვარ სიბინძურეს“ შეადარა.

„თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს „ალიას“, „ასავალ-დასავალს“ და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები